„ზედმეტად დაჩქარებულია“ - ვენეციის კომისია „სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
ცვლილებები ძირითადად ეხება მოსამართლეების დანიშვნას, მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და გადაყვანას.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებულად, მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტებთან კონსულტაციისა და მკაფიოდ ახსნილი მოტივების გარეშე მიიღო, ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ცვლილებები ძირითადად ეხება მოსამართლეთა დანიშვნას, ერთი სასამართლოდან მეორეში მათ გადაყვანას, დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას.

„მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დაჩქარებული საკანონმდებლო პროცედურა, როგორც ჩანს, დაცულია, ის (ვენეციის კომისია) წუხს, რომ 2021 წლის დეკემბრის ცვლილებები „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ნაჩქარევად იქნა მიღებული, არ იყო გამჭვირვალობა მის მოტივებთან და მიზნებთან დაკავშირებით და განხორციელდა ყოვლისმომცველი და ეფექტური კონსულტაციების გარეშე“, – ნათქვამია დასკვნაში.

ცვლილებები ინიცირებული იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების მიერ. კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2021 წლის 27 დეკემბერს შევიდა და უკვე 30 რიცხვში ის მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს.
„ოპოზიციისთვის, ისევე, როგორც დაინტერესებული მხარეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ცვლილებები სრულიად მოულოდნელი იყო. ხელისუფლებამ არ წარმოუდგინა ვენეციის კომისიის დელეგაციას დამაჯერებელი არგუმენტები მათი შეხვედრების დროს, რაც გაამართლებდა ცვლილებების მიღების დაჩქარებულ საკანონმდებლო პროცესს“, – ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის კრიტიკულად არის განწყობილი სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი ასპექტების მარეგულირებელი საპარლამენტო აქტების ნაჩქარევად მიღების მიმართ, როდესაც ეს ხდება ოპოზიციასთან, ექსპერტებთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან ნორმალური კონსულტაციების გარეშე.

„მოსამართლეების დამოუკიდებლობის ძირითად კომპონენტებში მოულოდნელმა და სწრაფმა ცვლილებებმა დაჩქარებული საკანონმდებლო პროცედურების საშუალებით შეიძლება შეარყიოს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების, როგორც ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო განშტოებებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის განცხადებით, ცვლილებების შემუშავებისა და მიღების წესი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ამ ცვლილებების მოტივების და იმ შედეგების მიმართ, რაც საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობას შეიძლება დაემუქროს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია

ცვლილებების მიღების მიზნებზე ისაუბრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

„ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების მიზანსა და ამოცანას წარმოადგენდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდა და მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილება“, – განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

მეტიც, მან ჩამოთვალა პუნქტები ცვლილებებში, რომლებიც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა.
მათ შორის, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ერთისა და იმავე პირის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის მოხსნა გამართლებულია მისი წინა რეკომენდაციებისა და ევროპული მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების თანახმად.
ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას.
ვენეციის კომისია ასევე მიესალმება მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის ძირითად და დამატებით დისციპლინურ სახდელებად კატეგორიზაციას, განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს (ორი მესამედის ნაცვლად).
„თუმცა, ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს მსჯელობა ვენეციის კომისიასთან როგორც ამ „უცნაურ რეკომენდაციასთან“ დაკავშირებით, ასევე სხვა რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
წყარო - ვენეციის კომისიის დასკვნა
ყველა ახალი ამბავი
0