ვაქცინაციის ტემპი საქართველოში დაბალია - ბოლო კვირის მონაცემები

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ სულ 2.900.226 აცრა ჩატარდა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.827 ვაქცინაა გაკეთებული, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.
ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს, კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის იანვარი–თებერვალში. იმ პერიოდში დღე-ღამეში საშუალოდ 3-6 ათასი აცრა ტარდებოდა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების კვალდაკვალ ხელისუფლება კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებდა, ხოლო მოსახლეობა სულ უფრო იშვიათად იცრებოდა. დღეისათვის მოსახლეობისადმი ერთადერთი მოთხოვნაა დარჩენილი – ნიღბის ტარება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.
ვაქცინაციის დეტალები
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.900.226 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით აცრილია 1.270.101 ადამიანი. ეს არის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 44,9%. მესამე ბუსტერ-დოზის გაკეთება 254.860 ადამიანმა გადაწყვიტა.
12-15 წლის მოზარდებში სრულად (ორჯერადად) აცრილია 3.496 ადამიანი (1,85%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ვაქცინის ორი სრული დოზა გაკეთებული აქვს 11.354 ადამიანს (13,87%).
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა დარეკვა „ცხელ ხაზზე“ 1522, ან დარეგისტრირება ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge. საქართველოში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, ვაქცინაციის ნებისმიერ პუნქტში ცოცხალი რიგით.
ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. 30 მარტიდან მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer-ი, 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.
2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში 12-15 წლის ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მანამდე მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ. მოზარდების ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.
ყველა ახალი ამბავი
0