თბილისში ავარიაში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
ფეხბურთელის სამშობლოში გადაყვანის გადაწყვეტილება ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა კლინიკის სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი საქართველოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გუნდის ექიმთან ერთად ბულგარეთში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ბულგარელი ნახევარმცველი 11 ივნისს თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა. ავტობუსებს, უეფას წესების მიხედვით, პოლიციის ესკორტი აცილებდა.
29 წლის ნედელევი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ქალა-ტვინის ტრავმით შეიყვანეს. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
ტოდორ ნედელევი ამ ხნის განმავლობაში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ექიმის ბისერ ბოჩევის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. აეროპორტში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააცილა.
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვიდა. ერთა ლიგის გათამაშების მე-4 ტურის მატჩი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0