საქართველო ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობს

© Pixabay / Frank_P_AJJ74„ესპანური კიბე“ რომში
„ესპანური კიბე“ რომში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველო მონაწილეობს ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიურ კონგრესში და გენერალურ ასამბლეაში, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ღონისძიება 22-24 ივნისს იტალიის დედაქალაქში იმართება. რომში მიმდინარე 32-ე ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.
კონგრესი ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფუმიჩინოს აეროპორტის მეხუთე ტერმინალში იმართება. ღონისძიების ძირითადი თემა 2022 წლის ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონების დაგეგმვა, ანალიზი და საინვესტიციო კუთხით ახალი სტრატეგიების შემუშავებაა.
ასამბლეაზე საუბარი შეეხება პანდემიის შემდეგ ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების საკითხებს, ასევე აეროპორტების ადაპტირების გზებს არსებულ გამოწვევებთან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს.

„გვექნება შეხვედრები ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც უკვე კოვიდ-პანდემიის შემდეგ დადგა“, – განაცხადა არჩუაძემ.

მისი თქმით, ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა. ძირითადად ეს ეხება ადამიანურ რესურსს.
სამდღიანი ღონისძიების დასასრულს გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის.
ევროპის აეროპორტების საბჭო (ACI EUROPE) არაკომერციული ორგანიზაციაა. ეს არის ევროპული დარგობრივი სავაჭრო ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროპის აეროპორტების კოლექტიურ ინტერესებს. მისი წევრი 600-ზე მეტი ყველა ზომის აეროპორტია ევროპის 58 ქვეყანაში, მათი წილი ევროპაში კომერციული ავიაგადაზიდვების 90%-ზე მეტს შეადგენს.
ACI EUROPE-ის წევრმა აეროპორტებმა 1990 წლიდან მოყოლებული 2,3 მილიარდი მგზავრი მიიღეს და მოემსახურნენ 17 მილიონი ტონა ტვირთს და თითქმის 45 მილიონ ავიარეისს.
ყველა ახალი ამბავი
0