რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა

© photo: Sputnik / Stringerლარი
ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11,0 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
2022 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი დარჩება.

„ინფლაციური რისკების მატების ფონზე ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად გაიზარდა და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარეგულირებლის ცნობით, თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა, ან მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 3 აგვისტოს ჩატარდება, თუმცა კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
ყველა ახალი ამბავი
0