ცნობილი გახდა ბორჯღალოსანთა შემადგენლობა ტესტ-მატჩებისთვის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ზაფხულის მატჩებს საკუთარ კედლებში გამართავს, ორს ქუთაისში, ხოლო ერთს – ბათუმის ახალ სტადიონზე.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა არგენტინის, იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებებთან საზაფხულო ტესტ-მატჩებისთვის 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას ბორჯღალოსნები სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე. 3 ივლისს საქართველო არგენტინას შეხვდება (18:00 საათზე), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00), 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრები ჩავა (18:00).
ბორჯღალოსნებს მოახლოებულ მატჩებში ტრავმების გამო ოთხი მორაგბე დააკლდებათ – გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია, მიხეილ ნარიაშვილი და გრიგოლ ქერდიყოშვილი, ხოლო პირადი პრობლემების გამო შეკრებაზე ვერ ჩამოვა გიორგი მელიქიძე.
აღნიშნულის გამო მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში ხუთ დებიუტანტს უხმეს. ხუთივე მათგანი ნაკრების შეკრებაზე ადრეც ყოფილა, თუმცა ნაკრების მაისურით თამაში ჯერ არ მოუწიათ. ესენი არიან: გურამ პაპიძე (ბურჯი), ნიკა აბულაძე (ბურჯი), მიხეილ ბაბუნაშვილი (მეორე ხაზი), ლადო ჩაჩანიძე (მეორე ხაზი) და ლუკა მატკავა (მგეზავი).

„შეკრებაზე 34 მოთამაშე გვყავს. ტრავმირებული მორაგბეების გარდა, დავუძახეთ ყველას, ვინც ჩვენი აზრით ოპტიმალურ ფორმაშია და მნიშვნელოვანია ყველა მათგანის საქმეში ნახვა, მათ შორის არიან დებიუტანტებიც“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მოახლოებული მატჩებისთვის ასე გამოიყურება:
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), ნიკოლოზ ხატიაშვილი („შავი ლომი“), ნიკა აბულაძე („შავი ლომი“); შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჭყოიძე („ლოკომოტივ-პენზა“), ჯაბა ბრეგვაძე („კუბოტა“); ბექა გიგაშვილი („ტულონი“), ლუკა ჯაფარიძე („ბრივი“), გურამ პაპიძე („ლა როშელი“).
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ლაშა ჯაიანი („შავი ლომი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („ბეიონი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“).
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), ოთარ გიორგაძე („ბრივი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), სანდრო მამამთავრიშვილი („შავი ლომი“).
ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („მონპელიე“), მიხეილ ალანია („ორიაკი“); თედო აბჟანდაძე („ბრივი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“).
12-13: მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), ლაშა ლომიძე („შავი ლომი“).
11-14: აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“), სანდრო თოდუა („შავი ლომი“), დავით მესხი („ენისეი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“).
15: დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“).
ყველა ახალი ამბავი
0