წყალბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიასთან მატჩით იწყებს

© courtesy of Georgian Aquatic Sports Federationწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ბრაზილია, უნგრეთი და მონტენეგრო არიან.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას დღეს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონობისთვის სულ 16 ნაკრები იბრძოლებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფიდან სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გავა. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მეოთხედფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე მყოფი ნაკრებები ერთმანეთს მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბრაზილიასთან კარგი ბალანსი აქვს, 2016 წლის იანვარში საქართველომ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი 9:8 მოიგო. ასევე ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 2021 წელს როტერდამში საკვალიფიკაციო ტურნირზე გამართული მატჩი (12:8).
დეიან სტანოევიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ბრაზილია, მასპინძელი უნგრეთი და მონტენეგრო არიან. 23 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ეთამაშება, ხოლო 25 ივნისს – უნგრეთს, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიაა, რომელმაც 2019 წლის ფინალში ესპანეთი 10:5 დაამარცხა. მე-3 ადგილისთვის მატჩში კი ხორვატიამ უნგრეთს 10:7 მოუგო.
ყველა ახალი ამბავი
0