კალათბურთი: მზადება მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის - ზუროსმა 22 მოთამაშე შეკრიბა

© Georgian Basketball Federationქართველი კალათბურთელები ესპანეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის ემზადებიან
ქართველი კალათბურთელები ესპანეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის ემზადებიან - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩის ჩასატარებლად რიგაში 29 ივნისს გაემგზავრება.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
ილიას ზუროსის გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა. ეროვნული ნაკრები 1 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელია, საიდანაც ოფიციალური მატჩებისთვის 12 შეირჩევა. ილიას ზუროსმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ნაკრებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე 10 კალათბურთელი გამოიძახეს, 12 მოთამაშე კი ლეგიონერია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს. ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება, სანდრო მამუკელაშვილია. ამერიკული „მილუოკი ბაქსის" ფორვარდი ეროვნულ გუნდში ვერ ჩამოდის, რადგან მას კლუბთან NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება აქვს. მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში, ივლისის ბოლოს შეუერთდება.
NBA-ში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გოგა ბითაძე უკვე ნაკრებთან ერთად იმყოფება. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, NBA-სა და ბითაძის კლუბ „ინდიანა პეისერსს" შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, საქართველოს ნაკრების უახლოესი სამი ღონისძიებიდან (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ივლისის და აგვისტოს ფანჯრები, ევრობასკეტი 2022) რომელში მიიღებს მონაწილეობას ქართველი ცენტრი.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით, NBA-ს მოთამაშეებს დაუწესდათ დღეების ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც უფლება აქვთ თავიანთ ეროვნულ გუნდებში ითამაშონ. სავარაუდოდ, ბითაძე საქართველოს ნაკრებს სამივე ღონისძიების მატჩებში დაეხმარება, თუმცა აღნიშნული საკითხი მოლაპარაკების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გადაწყდება.
ნაკრებს გუშინ შეუერთდა ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი, ხოლო 24 ივნისს გუნდს უკანახაზელები – რატი ანდრონიკაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი ტედ მაკფადენი დაემატებიან.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ნაკრების ვეტერანი და ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე, რომელსაც ტრავმის გამო მთელი გასული სეზონი გაუცდა.
ილიას ზუროსის რჩეულთა სიაში ორი ახალი სახეცაა – 18 წლის გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილი და სუპერლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი ბომბარდირი ოთარ ბულიავა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში 29 ივნისს, გამთენიისას გაემგზავრება, გუნდის გაფართოებული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
გიორგი ცინცაძე („თსუ"), გივი ბაქრაძე („ოლიმპი"), ლუკა მაზიაშვილი („ცხუმ-აფხაზეთი"), რატი ანდრონიკაშვილი („კრეიტონი", NCAA1, აშშ), ტედ მაკფადენი („მურსია", ACB, ესპანეთი), კახაბერ ჯინჭარაძე („ოლიმპი"), მერაბ ბოქოლიშვილი („რუსთავი"), ოთარ ბულიავა („მეგა"), დუდა სანაძე („ბორაცი", სერბეთი), ნიკა მეცხვარიშვილი („ლუიზიანა-მონრო", NCAA1, აშშ), დავით კაკუშაძე („როკჰარსტი", NCAA1, აშშ), ბექა ბურჯანაძე („ბეტისი", ACB, ესპანეთი), გუგა ნაცვლიშვილი („კახასიესტე U18", ესპანეთი), მიხეილ ბერიშვილი („თსუ"), გიორგი კორსანტია („ქუთაისი"), ალექსანდრე ფევაძე („გრან კანარია 2", LEB2, ესპანეთი), ბექა ბექაური („ბათუმი"), თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია", იტალია), გოგა ბითაძე („ინდიანა პეისერსი", NBA), ილია ლონდარიძე („ოლიმპი"), გიორგი შერმადინი („ტენერიფე", ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე („ორში", საფრანგეთი).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვებით პირველ ადგილზეა. ბოლო ადგილზე ოთხივე წაგებით ჩრდილოეთ მაკედონიაა.
ყველა ახალი ამბავი
0