„ბავშვთა უფლებები და გარემო" - ღონისძიება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შეხვდა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 26-ე ზოგადი კომენტარის შემუშავების საკითხებზე ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ბავშვთა უფლებები და გარემო". ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოსდაცვითი გლობალური გამოწვევების დასაძლევად და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად „ბავშვის უფლებათა კონვენციის" მონაწილე სახელმწიფოებმა ყველა შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებები უნდა განახორციელონ, განსაკუთრებული ყურადღება კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე უნდა გამახვილდეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შეხვდა და გარემოს მდგრადი განვითარების მიზნები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა დავაინტერესოთ გარემოსდაცვითი საკითხებით; იმედი გვაქვს, ბევრი მოსწავლე გააგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით სწავლას. ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულების ბევრი პროფესიონალი ესაჭიროება", – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოთანი, გაეროს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ფილიპ კორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი მერაბ ტურავა, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ფილიპ ჯაფი და ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქართველი წევრი სოფო კილაძე.
„ბავშვის უფლებათა კონვენცია" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1989 წელს დაამტკიცა.
კონვენცია შედგება 54 მუხლისგან და ის აყალიბებს ბავშვთა კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის. ეს დოკუმენტი 18 წლამდე ყველა ადამიანს ეხება გენდერის, წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.
საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0