ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოება: მარცვლეულის პრობლემა საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
ამ დროისთვის, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მარცვლეულის იმპორტს ფქვილით ანაცვლებენ, ნათქვამია კვლევაში.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ქართული ბაზარი რუსულ მარცვლეულზეა დამოკიდებული და მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა ალტერნატიული ბაზრების მოძიების და საკუთარი წარმოების განვითარების აუცილებლობა, ნათქვამია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაში.
მარცვლეულის ბაზრის კვლევის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის მოცულობამ საქართველოში მთელი მარცვლეულის იმპორტის 92,1% შეადგინა, ხოლო სხვა ქვეყნების მარცვლეულის ფასები, განსაკუთრებით ყაზახურის, კონკურენტუნარიანი იყო.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ამ წუთებში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ბაზარზე მარცვლეულის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლება მიმდინარეობს. თუმცა იმპორტირებული ფქვილის ხარისხი ადგილზე წარმოებულთან შედარებით უარესია. გარდა ამისა, დამატებით რისკებს ქმნის ის გარემოება, რომ ფქვილი სწრაფად ფუჭდება.
ასოციაცია სიტუაციიდან გამოსავალს ბაზრების დივერსიფიკაციაში, ასევე ადგილობრივი მარცვლეულის წარმოების აწყობაში ხედავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში მარცვლეულის ნათესები დაახლოებით 40-50 ათასი ჰექტარს იკავებს, რამაც 2021 წელს 136,1 ათასი ტონა მოსავალი მოიტანა, რაც 2020 წელთან შედარებით 33%-ით მეტია. მოსავლიანობა ჰექტარზე დაახლოებით 2,7 ტონა იყო.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოყვანილი მარცვლეული ძირითადად საქონლის საკვებად გამოიყენება და დაბალი ხარისხისაა.
საქართველოში მარცვლეულის ბაზრის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის ფერმერთა ასოციაცია სთავაზობს მიწის ბაზრის განვითარებას და სავარგულების გაფართოების ხელშეწყობას, სარწყავი სისტემის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის ისეთი ჯიშებისა და სასუქების შეთავაზებას, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას.
გარდა ამისა, ორგანიზაცია, ქართული მარცვლეულის წარმოების გაზრდის მიზნით, სთავაზობს საწყობებისა და საცავების ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას მიწის დამუშავებისა და მოსავლის აღების გამარტივების მიზნით.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10% ადგილობრივი წარმოებისაა. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან.
ყველა ახალი ამბავი
0