შვეიცარიული კომპანიები საქართველოში საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერნი
ბერნი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
2022 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა შვეიცარიასთან 34%-ით, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტი შვეიცარიის ბაზარზე 45%-ით გაიზარდა.
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და შვეიცარიის გაერთიანებულ სავაჭრო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოეწერა მრგვალი მაგიდის ფარგლებში - ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ბიზნეს-გარემოს მიეძღვნა.
მრგვალი მაგიდა შვეიცარიის ქალაქ ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ჟენევის ვაჭრობის, მრეწველობისა და სერვისების პალატის პარტნიორობით ჩატარდა. ღონისძიებაში შვეიცარიის მხრიდან მონაწილეობდა ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) SECO და 40-ზე მეტი შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი.
ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე.
შვეიცარიის ბიზნეს-საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს და შვეიცარიის ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მათ განვითარებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ.
გენადი არველაძის თქმით, მხოლოდ 2022 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა შვეიცარიასთან 34%-ით, ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შვეიცარიის ბაზარზე 45%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად სჭირდება ათვისება.
გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აგრეთვე საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულების შესახებ, სადაც ტვირთბრუნვა რეგიონში რთული გეოპოლიტიკური ვითარების დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე, რამაც შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
მინისტრის მოადგილემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები გააცნო.
მისი თქმით, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და კერძო სექტორის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, საგარეო შოკების მიუხედავად, პოზიტიურია დინამიკა ეკონომიკური აქტივობის, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა, ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო.
მისი თქმით, იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს, თუმცა სავსებით რეალისტურია უფრო მაღალი ზრდაც.
გარდა ამისა, საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალისა და განახლებადი ენერგიის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
ყველა ახალი ამბავი
0