როდის გაიყიდება ყველა სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით: დეპუტატები სიახლის გადადებას მოითხოვენ

© Investigation Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას, რომლებიც ყველა მარკის სიგარეტისთვის სტანდარტული შეფუთვის დანერგვის თარიღის გადატანას ითვალისწინებს.
ნორმა სიგარეტის სტანდარტული შეფუთვის შემოღების შესახებ 2023 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების საინიციატივო ჯგუფი სიახლის გადადების ინიციატივით გამოვიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დეპუტატები ასახელებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც ქარხნების გადაწყობის კუთხით მწარმოებლებს პრობლემები შეუქმნა.
„ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დეპუტატების ინიციატივით, სიახლის დანერგვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაიდოს.
ახალი სტანდარტების მიხედვით, სიგარეტი თაროებზე გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც იქნება ბრენდის დასახელება სახელმწიფო ენაზე, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
თავად სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა და დღემდე მკაცრდება.
ყველა ახალი ამბავი
0