ჯგუფური ჩხუბი და დაჭრა ძველ თბილისში: დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენი მიზნით ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევ ერთ პირს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.
აღნიშნული დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 27 წლის პირმა, ინციდენტში მონაწილე 33 წლის მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა. მათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწიათ. ოთხივე დაშავებული ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების იდენტიფიცირება ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე მოახდინეს, მოგვიანებით კი ორი პირი თბილისში დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სასიგნალო იარაღი.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე, 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მინდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0