ხელოვნების მუზეუმიდან ძვირფასი ექსპონატების გატანა გრძელდება

© photo: Sputnikხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუზეუმი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, თანამედროვედ აღჭურვილი კულტურული ცენტრი გახდება.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი კორპუსიდან, რომელიც ავარიულია, ამ დროისათვის გადატანილია 60 ექსპონატი, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა პოზიციის გათვალისწინებით, მუზეუმის ოქროს ფონდის განსათავსებლად შერჩეულია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობა. მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.
მინისტრის განმარტებით, მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცესი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე სრული კოლექცია არ იქნება გადატანილი უსაფრთხო შენობაში. ამ დროისათვის შენობაში აღდგენითი სამუშაოები ტარდება.

„ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, პროცესში იტალიელი ექსპერტები არიან ჩართული. ქართულ-იტალიური ჯგუფი მუშაობს როგორც დროებით გამაგრებაზე, ისე ტრანსპორტირებაზე. ყოველივე ამას ხელმძღვანელობს შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამ დროისათვის მუზეუმის მეორე კორპუსში გარემონტებულია ორი სართული, მთლიანობაში 1,2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი გახსნისთვის მზადაა.
კაპიტალური რესტავრაციის შემდეგ მუზეუმი უმასპინძლებს საერთაშორისო ღონისძიებებს, ხელი შეეწყობა მუზეუმის ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მუზეუმის რესურსის გამოყენებას არაფორმალური განათლების მიმართულებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რაც იქნება კულტურული ტურიზმის განვითარების მყარი გარანტია, აღნიშნავენ სამინისტროში.
მუზეუმის ისტორია
მუზეუმის შენობა აგებულია XIX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს. შენობას, როგორც თბილისის ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ უძრავ ძეგლს, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ნოემბრის N834 ბრძანებულებით განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმიდან ძვირფასი ექსპონატების გამოტანა დაიწყო>>>
მუზეუმში დაცულია ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები – შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხეზე კვეთის ნიმუშები, XVIII-XIX სს ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების, რუსული, თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კოლექციები, არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების უმდიდრესი კოლექცია, ფოტო და ნეგატივების ფონდი.
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს, სადაც წარმოდგენილია ექსპონატები ძვ.წ.აღ. V ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით, მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური მასალა, VIII-XIX სს ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის, ხატწერის იშვიათი ნიმუშები, ხელნაწერები, იარაღი, ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები.
ხელოვნების მუზეუმი ამ შენობაში 1952 წელს განთავსდა. მას შემდეგ შენობაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, რამაც განაპირობა მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობა.
ყველა ახალი ამბავი
0