თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა

© courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
ლეგენდარული კინორეჟისორის სახელი სწორედ იმ ქუჩას მიენიჭა, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით მთაწმინდის რაიონში კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა. ქუჩის გახსნის ცერემონიას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

„სერგო ფარაჯანოვმა თავისი გამორჩეული სტილით, მრავალფეროვნებითა და არასტანდარტული მიდგომებით მსოფლიო კინოხელოვნებაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებენ მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.

სერგო ფარაჯანოვი
კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი სერგო ფარაჯანოვი 1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა. 1942 წელს ჩააბარა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიატოვა სწავლა და ერთდროულად ჩააბარა თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე და ოპერის თეატრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ იგი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა.
სერგო ფარაჯანოვმა რუსეთის სახელმწიფო კინოს ინსტიტუტი 1951 წელს დაასრულა. 1959 წელს მან თავისი პირველი ფილმი „პირველი ჭაბუკი“ გადაიღო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სერგო ფარაჯანოვი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა, სადაც დავით აბაშიძესთან ერთად გადაიღო ფილმი „ლეგენდა სურამის ციხეზე“ (1984). 1986 წელს რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“, ხოლო 1988 წელს ფილმი „აშუღი ქერიბი“ – მიხეილ ლერმონტოვის ზღაპრის მიხედვით.
1980-იან წლებში სერგო ფარაჯანოვი აქტიურად იყო დაკავებული მხატვრული კოლაჟით, ნახატებითა და ინსტალაციებით. პირველი „დაპრესილი ფილმები“ (ასე უწოდა რეჟისორმა თავის კოლაჟებს) 1950-იან წლებში გამოჩნდა და თანდათანობით გაიზარდა მოცულობით კომპოზიციებამდე და სათუთად შეკრებილ „მოზაიკებამდე“.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 21 ივლისს ერევანში გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ფარაჯანოვი დაკრძალულია „სომხური სულის გენიათა პანთეონში" არამ ხაჩატურიანის, უილიამ საროიანის და სხვა სომეხი ლიტერატურისა და კულტურის მოღვაწეთა გვერდით.
ყველა ახალი ამბავი
0