ერაყის ხელმწიფედ ქცეული ქართველი, ანუ ამბავი იფნისელი დათუნა მანველაშვილისა

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
მეთვრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ქვემო ქართლის სოფელ იფნისიდან შვიდი წლის ბიჭი გაიტაცეს — სახელად დათუნა მანველაშვილი. ამ დღიდან 30 წლის მერე დაუდ ფაშად ქცეულ მანველაანთ დათუნას ერაყის სულთნისა და იმავდროულად ხალიფას ტიტულიც მიაკუთვნეს — მსგავსი რამ არც მანამდე და არც მერე არ მომხდარა.
ის იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ მტრად მოკიდებულ უძლეველ ოსმალეთის იმპერიაშიც უდიდეს პატივს სცემდნენ. იმდენად დიდ პატივს, რომ, როდესაც თურქებთან გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა (მისი კარის ნახევარზე მეტი შავმა ჭირმა იმსხვერპლა) დასჯა ვერ შეჰბედეს. უფრო მეტიც, მალე იმპერიის პირველი ვეზირი გახდა.
დაუდ ფაშა - Sputnik საქართველო

დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით, ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა.

არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი

მოგვიანებით, სახელმწიფო საქმეებს ჩამოცილებული, მედინაში გაემგზავრა და 1846 წელს პირადი თხოვნით მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, შეიხ ულ-ჰარამად დაინიშნა. იგი დიდად ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე – მედინის ერთ-ერთ გარეუბანში საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც შემდეგ „დაუდიე“ ეწოდა.
დაუდ ფაშა თავს ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფედ მოიხსენიებდა. მის სახელს უკავშირდება მეცხრამეტე საუკუნის ერაყის ოქროს ხანა.
ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო

„დაუდ ფაშა უდიდესი ადამიანთაგანი იყო, რომელიც თანამედროვეთაგან განსაკუთრებული იდეალებით გამოირჩეოდა, მშვიდობის დროს მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი იყო, სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდა.

ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო და საკუთარი ფესვები არ დავიწყებია. ისტორიას შემორჩა დაუდ ფაშას ქართულად შედგენილი წერილი დედისადმი. ქართული ასოები თავად აღარ ახსოვდა, ამიტომ წერილი სხვას დააწერინა 1821 წელს:

„…მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ. ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ. თქვენი ძე, ბაღდადის ხელმწიფე დაუდ-ფაშა“.

დაუდ-ფაშას რუსეთის იმპერატორის დახმარებით ბაღდადიდან საგანგებო თანხა გამოუგზავნია საქართველოში დედის, დებისა და ძმების გამოსასყიდად, რადგან ისინი თავად ორბელიანის ყმები ყოფილან. იმ ხანად რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის გამო რუსეთის ხელისუფალთ აწყობდათ ოსმალთა ურჩი ფაშას კეთილგანწყობა და ამიტომ სურვილი უყოყმანოდ შეუსრულეს.

„დაუდ ფაშას ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსისა“.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლონგრიგი

დაუდი 1851 წელს გარდაიცვალა მედინაში. სიკვდილის წინ ანდერძი დატოვა, ძვირფასი ძეგლი არ ამიგოთო. დასაფლავებულია წინასწარმეტყველ მუჰამედის საფლავის გასწვრივ — ხალიფა ოსმანის გვერდით.
დაუდ ფაშას უკანასკნელ განსასვენებლამდე აუარება ხალხი მიჰყვა. თუმცა არავინ უწყოდა, რომ „აღმოსავლეთის მზეს“ კი არა, ერთ უბრალო იფნისელ მანველაანთ დათუნას ეთხოვებოდნენ...
ყველა ახალი ამბავი
0