განათლების მინისტრი: სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება გაძლიერდება

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად შევიდა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას გაძლიერებულად ისწავლიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის.
სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო.

აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე შეისწავლონ. შესაბამისად, გადაიხედა ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი.

ამისათვის ისტორიკოსებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. მასში შევიდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრები და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტები.
ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად შევიდა.
„საქართველოს ისტორიის“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.
ისტორიის ახალი სტანდარტი მთლიანად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. კერძოდ, აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.
გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია, „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელო გრიფირებისთვის ხუთმა სხვადასხვა გამომცემლობამ წარმოადგინა.
სპეციალისტებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება.
სახელმძღვანელოების შემფასებელთა ჯგუფში შედიან პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.
უკვე 2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0