„ნამეტანი მოსდის“ - დავით სერგეენკო არახამიას განცხადებას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, აღნიშნა სერგეენკომ.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსული ფირმები ქართული ორგანიზაციების გამოყენებით დასავლეთის სანქციებს გვერდს უვლიან.
დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენს, გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა რუსულმა კომპანიებმა ვერ გამოიყენონ ქართული ორგანიზაციები საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად.

„ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ვიცე-სპიკერის თქმით, ასეთი განცხადებები ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება. მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად არ იცნობს არახამიას.
მანამდე დავით არახამიამ აშშ-ისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, პერსონალური სანქციები დაუწესონ ქართველ მილიარდერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0