ფარული მელანომა: კანის კიბოს 7 „არაკანური“ სიმპტომი

© Pexels / cottonbroპაციენტი დერმატოლოგთან
პაციენტი დერმატოლოგთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. მელანომა, იგივე კანის კიბო ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა და ხშირად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს.
მელანომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. მის წილად მოდის კიბოთი ავადობის შემთხვევათა 0,3-1%, თუმცა ბოლო ხანს მისი გახშირების ტენდენციაც შეიმჩნევა.
მედიკოსების თქმით, ეს სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად (90%) კანზე ლოკალიზდება და თავს იჩენს უცნაური ხალის, ლაქის ან სხვა დაზიანების სახით. თუმცა ირკვევა, რომ დაავადებას ასევე შეიძლება ჰქონდეს, ასე ვთქვათ, „არაკანური“ სიმპტომებიც.
მედიკოსებმა რამდენიმე ასეთი სიმპტომი ჩამოთვალეს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
კანქვეშა ბორცვები — განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: საზარდული, იღლიები ან კისერი. ასეთი გამაგრებების გაჩენა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ კანის კიბო უკვე ლიმფურ კვანძებშია გავრცელებული, თუმცა ამ დროს დამახასიათებელი ხალები ან ლაქები სხეულზე შეიძლება საერთოდაც არ ჩანდეს. ეს საკმაოდ იშვიათ სიმპტომად მიიჩნევა.
ტკივილი მუცლის არეში — გარდა ლიმფური კვანძებისა, მელანომა შეიძლება გავრცელდეს ღვიძლზეც. თუ ასე მოხდება, ადამიანი ტკივილს მუცლის მარჯვენა ზედა სეგმენტში იგრძნობს.
სუნთქვის პრობლემები — მას შემდეგ, რაც მელანომა მეტასტაზებს გაუშვებს, ის შეიძლება გავრცელდეს ფილტვებშიც. ასეთ შემთხვევაში იწყება ქოშინი ან გამუდმებული ხველა.
სახსრების ტკივილი — ლიმფური კვანძების, ფილტვებისა და ღვიძლის გარდა, მელანომა, კანზე ხილული სიმპტომების გაჩენის გარეშე, ასევე შეიძლება გავრცელდეს ძვლებშიც. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება ართრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილები იგრძნოს.
მხედველობის გაბუნდოვნება — მელანომა ვითარდება მელანოციტებისგან, კანში პიგმენტ მელანინის წარმომქმნელი უჯრედებისგან, თუმცა მელანოციტები ასევე გვხვდება თვალებში და სხეულის ზოგ სხვა ნაწილში. როდესაც მელანომა თვალის მელანოციტებში ვითარდება, მისი პირველსაწყისი ნიშანი შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითება ან გაბუნდოვნება, ასევე ირისის გაუფერულება.
ნაწლავური პრობლემები — მელანოციტები, თვალების მსგავსად, ნაწლავებშიც გვხვდება. ამიტომ შეიძლება ნაწლავებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დიარეა, ყაბზობა, კრუნჩხვები ან ტკივილი, ასევე იყოს მელანომის განვითარების ფარული, ანუ „არაკანური“ სიმპტომი.
თავის ტკივილები — ამ სიმპტომის გაჩენა იმით აიხსნება, რომ თავის ტვინი ასევე შეიცავს მელანოციტების უჯრედებს. შესაბამისად, კანის კიბოს ამ სახეობის მქონე ადამიანს კანზე შეიძლება არ ჰქონდეს საშიში ხალი ან კანის სხვა დაზიანებები. სამაგიეროდ, მას ექნება თავის ტკივილი, კრუნჩხვები ან კოგნიტური პრობლემები.
ყველა ახალი ამბავი
0