თუ ავოკადოს ყიდვას აპირებთ: მიაქციეთ ყურადღება რამდენიმე ნიუანსს

© Pixabay / coyotავოკადო
ავოკადო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ავოკადო, იგივე ალიგატორის მსხალი, ტროპიკული ხილია, რომელიც სასარგებლო თვისებებითა და უჩვეულო გემოთი გამოირჩევა.
ავოკადო ბუნებრივი სუპერპროდუქტია, შთამბეჭდავი კვებითი ღირებულებითა და ვიტამინების შემცველობით. ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით, ნატრიუმით, კალიუმით, E, K, C ვიტამინებითა და დაბერების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებით (კაროტინოიდები), რომლებიც ხელს უწყობენ კანისა და სისხლძარღვების ახალგაზრდობას.
გარდა ამისა, ავოკადო მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რის გამოც ბევრი „მცენარე-კარაქსაც“ უწოდებს.
ეს ხილი მონოუჯერი ცხიმების, განსაკუთრებით ოლეინის მჟავის (ომეგა-9) შესანიშნავი წყაროა. ის ამცირებს ორგანიზმში ანთებებს და ხელს უშლის კიბოსა და დიაბეტის განვითარებას.
ნაყოფი მაღალკალორიულია — ერთი საშუალო ზომის ავოკადოს ნახევარზე 160 კკალ-მდე მოდის, 100 გრამ მწიფე რბილობზე კი — დაახლოებით 212 კკალ.
სხვა ხილთან შედარებით, ავოკადო ნაკლებ შაქარს შეიცავს – მხოლოდ 1,8 გრამს 100 გ-ზე. აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რომელიც სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას ხელს უშლის.
გარდა ამისა, ავოკადო მდიდარია ჯანსაღი უჯრედისით, რომელიც აკონტროლებს მადას, „კვებავს“ ნაწლავებში არსებულ მეგობრულ ბაქტერიებს და ხელს უშლის ბევრ დაავადებას: სიმსუქნეს, ინსულტს, დეპრესიას.

როგორი უნდა იყოს მწიფე ავოკადო

როგორც სპეციალისტები გვირჩვენ, კარგი და მწიფე ავოკადო უნდა იყოს:
ფორმით — მსხლისებური და წაგრძელებული (არაუმეტეს 20 სმ). მსხვილი მწიფე ნაყოფი დაახლოებით 300 გრამს იწონის. თუმცა განსაკუთრებით ფასეულია საშუალო და პატარა ზომის ავოკადო — 100-დან 200 გრამამდე. სწორედ მათშია თავმოყრილი სასარგებლო ნივთიერებები დიდი რაოდენობით. ამასთან გემოც უფრო გაჯერებული აქვს.
ფერით — გარედან მუქი მწვანე (თუმცა ეს ყველა ჯიშს არ ეხება), რბილობი კი სალათისფერი უნდა ჰქონდეს, ყვითელში გარდამავალი (კურკასთან ახლოს). იცოდეთ, რაც უფრო ახალია ავოკადო, მით უფრო სქელქერქიანი და მკვრივბირთვიანი კურკა აქვს — ბრინჯაოსფერ-ყავისფერი ან მუქი ზეთისხილის ფერი.
როდესაც გარეგნულ დათვალიერებას დაასრულებთ, ფაქიზად დააჭირეთ თითი ავოკადოს:
თუ კანზე ჩაღრმავება არ გაჩნდა, ე.ი. ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის მწიფე. შესაბამისად, რამდენიმე დღით დადება მოგიწევთ, რომ ბოლომდე დამწიფდეს.
თუ ისეთი ჩაღრმავება გაჩნდა, რომ კანი აღარ ამოიბურცა, ე.ი. ავოკადო გადამწიფებულია. რა თქმა უნდა, ასეთი ავოკადოს შეძენა შეგიძლიათ, თუ იმავე დღეს აპირებთ მირთმევას. მეორე დღეს მას უკვე ლპობა შეეპარება.
დააკვირდით ყუნწს — დაუმწიფებელი ავოკადოს ყუნწი ღია ფერისაა და ნედლი, ნაყოფზე მაგრადაა მიმაგრებული. მწიფეს კი მშრალი და მუქი ყუნწი აქვს და ადვილად შორდება ნაყოფს. თუ ყუნწის გარშემო ზედაპირი გამომშრალია და ჩამუქებული, ე.ი. ნაყოფი გადამწიფებულია. ხოლო თუ თითის დაჭერისას წვენს უშვებს, ე.ი. იდეალურად მწიფეა.
შეანჯღრიეთ ავოკადო — თუ კაკუნის მსგავსი ხმა შემოგესმათ, ნაყოფი მწიფეა. საქმე ისაა, რომ დამწიფების შემდეგ კურკა ადვილად შორდება რბილობს და ხმასაც ამიტომ გამოსცემს.

როგორ შევინახოთ ავოკადო

მთლიანი მწიფე ავოკადო ქაღალდში უნდა შეფუთოთ და მაცივარში ისე შედოთ — ხილ-ბოსტნეულისთვის განკუთვნილ განყოფილებაში.
დაჭრილ ავოკადოს მოასხით ლიმონის წვენი, დააფარეთ სპეციალური ფირი ან მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით მაცივარში. დაჭრილი ავოკადო არ უნდა ინახებოდეს ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0