საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

© AP Photo / Jeff Chiuლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა მაიმუნის ყვავილის ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება, თუმცა არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების ორი საეჭვო შემთხვევა 6 ივნისს გამოვლინდა. მაშინ ინფექცია ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, მეორე შემთხვევაში კი კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობდა.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა, შესაძლოა, 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
ყველა ახალი ამბავი
0