საქართველოს ისტორიაში პირველად ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა

© courtesy of Faig Huseynovთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბიოსფერული რეზერვატი წარმოადგენს სახმელეთო ან საზღვაო ეკოსისტემას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის ფარგლებში; ის ახდენს კონსერვაციისა და სტაბილური განვითარების ინოვაციური მიდგომების დემონსტრირებას. ანუ ბიოსფერული რეზერვატი არის ადგილი, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრაციის მეშვეობით სტაბილური განვითარების მიღწევას ცდილობენ. ეს შეიძლება მოხდეს მრავალმხრივი დიალოგის, ცოდნის გაზიარების, ცხოვრების ხარისხისა და ადამიანთა უნარების გაუმჯობესების მეშვეობით. აქ ადამიანები შეთანხმებულად ცდილობენ თავიანთი ინდივიდუალურობის, კულტურისა და ბუნების შენარჩუნებას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, UNESCO-მ „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ (დედოფლისწყარო) და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ (თუშეთი) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა.
უწყების ცნობით, UNESCO-მ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა.

„აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დღევანდელ დღემდე არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ აღიარება წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ბიოსფერული რეზერვატის კონცეფცია შეიქმნა 1974 წელს იუნესკოს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო" (MAB) სამუშაო ჯგუფის მიერ. ორი წლის შემდეგ მათ დაიწყეს გაერთიანება მსოფლიო ქსელში ინფორმაციის, გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლის მიზნით 97 ქვეყნის 440 რეზერვატს შორის, არანაკლებ 300 მილიონ ჰექტარ ფართობზე ნაკლებად დარღვეული ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0