ქართული ტრაგედია: როცა ათი მტრიდან ცხრა შენიანია

CC BY-SA 4.0 / Lgabelia / Ruins of the Samshvilde Sioni Churchსამშვილდის სიონი
სამშვილდის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
წინაპრებისგან გვსმენია, ხემ თქვა, ნაჯახი რას დამაკლებდა, ტარად ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო...

საქართველოს ოდითგან უამრავი გარეშე მტერი ჰყავდა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მტერი მაინც თავად ქართველი იყო. სამწუხაროდ, მოღალატეთა ნაკლებობას არასდროს განიცდიდა ჩვენი ქვეყანა.

და სანამ ქართველთა ღალატის რამდენიმე ისტორიულ მაგალითს გაგაცნობთ, ავღანელ მოჯაჰედთა ლიდერის, შეიხ აბდულა აზამის გამონათქვამს გაგიზიარებთ, რომელიც ქართველი არ იყო, მაგრამ მის ერთ ფრაზაში მთელი ჩვენი ისტორიული ტრაგედიაა ჩატეული:

„როდესაც სამშობლოს დაცვას გადაწყვეტ, პისტოლეტში ათი ვაზნა იქონიე: ერთი დამპყრობლისათვის, ცხრა — მოღალატეებისთვის“...

1191 წელს გუზან ტაოელმა, კლარჯეთისა და შავშეთის პატრონმა საქართველოს ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა ციხეები ჩამოაცილა და ხლათის სულთან შაჰ-არმენს გადასცა. თუმცა ის მარტო არ იყო ამ საქმეში, გუზანს მხარს უჭერდნენ სამძივარი — ანუ თამარ მეფის საწოლისა და საჭურჭლის მწიგნობარი, მეღვინეთუხუცესი და სხვა მაღალი თანამდებობის დიდებულები.
მოღალატეებმა კოლას მთას შეაფარეს თავი. მათ დასახმარებლად დაძრულ შაჰ-არმენის ჯარს გუზანის ვაჟი სარდლობდა, რომელსაც ოჯახის წევრები და სხვა მოღალატეები საქართველოდან უნდა გაეყვანა, ხოლო თურქთა ჯარი ხლათის სულთნისთვის გადაცემულ ციხე-სიმაგრეებში ჩაეყენებინა.
მაგრამ ამ ავ განზრახვას ასრულება არ ეწერა. მეფის ერთგულმა აზნაურმა ზაქარია ასპანისძემ, ფანასკერტელთა ფეოდალური სახლის ფუძემდებელმა აიყოლია ძინიელნი და კალმახელნი, მოღალატეებს კოლის მთასთან დაუხვდა და დაამარცხა ისინი. მერე გუზანის ცოლ-შვილიც დაატყვევა, ბანა, ხახული, ვაშლოვანი და ტაოსკარიც წაართვა და მის დასახმარებლად მისულ დავით სოსლანს, თამარ მეფის მეუღლეს გადასცა.
ზაქარია ასპანისძეს ერთგულება დაუფასდა — თამარმა მას ერისთავობა და ფანასკერტის ციხე-სიმაგრე უწყალობა. გუზან ტაოელმა კი გაქცევით უშველა თავს, მთებს შეეხიზნა და იქ ავაზაკობდა. თუმცა ერთ დღეს მთიბავებმა იცნეს, შეიპყრეს და ისიც დავით სოსლანს მიჰგვარეს. მან კი, იცოდა რა თამარის გულმოწყალების ამბავი, მეფესთან შეუთანხმებლად „დასწვა“ გუზანს თვალები...
* * *
1260 წელს საქართველოს მეფე დავით VII ლაშა-გიორგის ძემ (ულუმ) ამბოხი წამოიწყო მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ. ჯავახეთს ქართველ დიდებულთა სათათბირო შეკრიბა და განუცხადა:

„არღარა მნებავს თათრების მონობა, ამიერიდან თავს ვეღარ ვიდებ ესოდენ შეურაცხყოფას. ვისაც გსურთ, ჩემთან წამოდით თათართაგან განდგომად, ხოლო ვისაც თათრების სამსახური ნებავს, მისრეთსაც წაჰყოლია, როგორც ენებოს, ისე ემსახუროს და ემონოს“.

და ქართველმა დიდებულებმაც არჩევანი გააკეთეს: უმრავლესნი თათართა ერთგულნი დარჩნენ. მანდატურთუხუცესი ივანე მხარგრძელი, ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი, მეჭურჭლეთუხუცესი კახა გამრეკელ-თორელი და ჰერ-კახთა დიდი ნაწილი თავიანთი ჯარებით ჰულაგუ-ყაენს ეახლნენ. მეფის ერთგულება მხოლოდღა სამცხის ერისთავმა და სპასალარმა სარგის ჯაყელი-ციხისჯვრელმა შეინარჩუნა.
მერე კი, როცა ჰულაგუს სარდალი არღუნ ნოინი 20 ათასი მონღოლითა და მოღალატე ერისთავების 16 ათასი ქართველი მეომრით მოადგა ჩვენ ქვეყანას, თათართა წინააღმდეგ ამბოხებულმა დავით ულუმ მესხთა, შავშელთა და კლარჯელთაგან მხოლოდ 8000 ერთგული მეომრისთვის თავმოყრა შეძლო.
სარდალმა სარგის ჯაყელმა ჯარი მტკვრის ვიწრო ხეობაში ჩააყენა, მერე 1400 მესხი აარჩია და მზვერავად გაუშვა მდინარის გასწვრივ. გაშლილ მინდორზე გასული ქართველები მოულოდნელად თათართა 6000-იან ჯარს გადააწყდნენ, რომელიც წინამბრძოლად გამოეშვა არღუნს.
ეკვეთნენ მესხნი მტერს და სასტიკად დაამარცხეს რიცხვით ლამის ოთხგზის აღმატებული თათრები. ამან იმდენად დიდი შოკი და დაბნეულობა გამოიწვია მონღოლთა ბანაკში, რომ არღუნ ნოინმა საქართველოს დატოვებაც კი განიზრახა.
უკვე ცხენზე იყო ამხედრებული მონღოლთა სარდალი, როცა მოღალატე ქართველ ერისთავებს კახა გამრეკელ-თორელი გამოეყო, ნოინს აღვირზე უტაცა ხელი და უთხრა, ნუ ინებებო გაქცევას, ხომ ხედავ, მეტი ძალა გვყავს, ვიდრე დავით ულუს, ეგეც არ იყოს, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით ჩვენებურების საომარი წესები, ზნენი და შემართებანი, ამიტომ ქართველებივე გავალთ საომრად ქართველებზე, თქვენ არხეინად იყავითო.
აბა, რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ასეთ შეთავაზებაზე უარს? მონღოლებმა უკუქცევა გადაიფიქრეს, არსად წასულან, არხეინად უყურებდნენ, როგორ ჟლეტდნენ ქართველები ერთმანეთს.
ბრძოლა იყო სასტიკი და გააფთრებული, რომელშიც, სამწუხაროდ, ქვეყნისა და მეფის ერთგულები დამარცხდნენ...
* * *
1274 წელი. აბაღა ყაენმა დასავლეთ საქართველოში შეჭრა და დავით VI ნარინის დასჯა გადაწყვიტა. ყაენის საგანგებო თათბირს რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძეც ესწრებოდა. ფეხზე წამოჭრილა ქვეგამხედვარი ერისთავი, მონღოლ-თათართა უმაღლესი საკრებულოსთვის ღაღადით შეუთავაზებია საკუთარი სამსახური:

„უკუეთუ ნებავს ყაენსა შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთვის მოვსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი და წარვასხამ ლაშქართა და ვგონებ, რომელ მეფე ხელთ ვიგდო“.

მეტი რა უნდა ენატრა აბაღა ყაენს, და მაშინვე 30 ათასიანი ლაშქარი გაამზადა, თავისი ოთხი სარდალი ჩაუყენა სათავეში, მეგზურად კახაბერ კახაბერისძე და კიდევ ერთი ქართველი, ვინმე ღალღური მიუჩინა და საქართველოსკენ გამოუშვა.
რაჭის ერისთავმა თრიალეთისა და ლიხის გზებით ფარულად შეიყვანა მონღოლთა ურდო დასავლეთ საქართველოში. მომხდურები იმ დროს დაეცნენ ქუთაისს, როცა დავით ნარინი აბანოში ნებივრობდა. პერანგის გადაცმაღა მოასწრო მეფემ, ცხენს მოახტა და ძლივს გაასწრო ქალაქიდან.
მონღოლებმა ქუთაისი გაძარცვეს, ეკლესიები მოაოხრეს, ხალხი დახოცეს, ბევრიც ტყვედ წაიყვანეს და წავიდნენ...
1281 წელს აბაღა ყაენის მიერ დემეტრე მეორის მეურვე-მეთვალყურედ დანიშნული, შემდეგ კი ათაბაგად ქცეული სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა. მეფე დემეტრემ მის ვაჟ ხუტლუბუღას მამის თანამდებობებიდან მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა, ათაბაგობა კი თავის გამზრდელ ტარსაი ორბელს მისცა.
სამწუხაროდ, სული ეშმაკს მიჰყიდა ორბელმა, იმ ქართული ნუსხა-ჩანაწერების გადასინჯვა დაიწყო, რომლებშიც სომხური მონასტრების გადასახადები იყო აღნუსხული. ნაწილი გადასახადებისა ამოუშლია, ხოლო ის ჩანაწერები, საიდანაც ამოშლა ვერ მოუხერხებია, სულაც გაუნადგურებია. ამ მავნებლობით ისედაც ღარიბ ქართულ სახელმწიფოს სოლიდური თანხა დააკარგვინა.
* * *
1912 წელს კიევში შეიყარა საიმპერატორო საკრებულო, რომელზეც იმპერიაში შემავალი ქვეყნების ახალი საზღვრები დაადგინეს. კონფერენციაზე სხვებთან ერთად მიწვეული იყვნენ ოსიკო ბარათაშვილი, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და სამსონ ფირცხალავა. ოთხივე დეპუტატმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის ძალითაც საინგილო სათათრეთს (აზერბაიჯანს) უნდა გადასცემოდა, აფხაზეთი — რუსეთს, ახალციხე, ახალქალაქი და ქვემო ქართლი (ნავთლუღამდე) — სომხეთს.
უფრო მეტიც, მათ არათუ ხელი მოაწერეს „კიევის რუკას“, არამედ მოსაწონებლად საქართველოშიც ჩამოიტანეს.
აყვირებულა ამ რუკის შემხედვარე ვაჟა-ფშაველა: ეს რა ქვეყანაა, საქართველოა თუ ეთნოგრაფიული გამოფენაო?! რაზეც სილიბისტრო ჯიბლაძეს უპასუხია:

„ჩვენ ხომ საერთო სოციალისტურ სახლს ვაშენებთ, რა მნიშვნელობა აქვს, პერსონალურად ვის დიდი ოთახი შეხვდება და ვის — პატარა? აქ ყველაფერი საერთო იქნება“...

ყველა ახალი ამბავი
0