რატომ ჩაიშალა საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, მაგრამ შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, ხუთშაბათს, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება. მან აქციაზე ასევე მიიწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები. უცნობია, აპირებდა თუ არა სახელმწიფოს მეთაური პატრიარქთან საუბარს დაგეგმილი აქციის შესახებ.

„სალომე ზურაბიშვილისა და ილია II-ის შეხვედრა არ შედგა. პატრიარქთან შეხვედრა ასე არ ხდება – ნებისმიერ დროს. იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი“, – განუცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მიზეზებზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას არ შეუძლია.
ჯაღმაიძემ აღნიშნა ასევე, რომ თავად არ მონაწილეობდა შეხვედრის ორგანიზების პროცესში.

რეაქციები

ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტის ინიციატივას არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ თემაზე აქციის ორგანიზებისას საჭიროა გარანტია იმისა, რომ მინიმუმ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება.

„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს წინასწარ გაევლო კონსულტაცია მმართველ პარტიასთან“, – აღნიშნა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე შეიკრიბონ.

პრეზიდენტი უკმაყოფილოა

პატრიარქთან არშემდგარ შეხვედრაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის მისამართით.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად შეხვედრა კონკრეტულ დროს, ჯაღმაიძეს კი ამ საკითხზე საჯარო კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა.

„მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქთან შეხვედრა პირადი ხასიათის თხოვნა იყო და მისი უწმინდესობის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას.
აქვე მითითებულია, რომ პრეზიდენტი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას, სიყვარულსა და სულიერ კავშირს გრძნობს, რაც ინსტიტუციონალურ ჩარჩოებს სცილდება.
ყველა ახალი ამბავი
0