მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფუტკრებმა მიმატება-გამოკლება იციან: საინტერესო მეცნიერული ექსპერიმენტი - ვიდეო

CC BY 2.0 / Ronnie Khan / Triფუტკარი ყვავილზე
ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ფუტკრებს მიმატება-გამოკლების უნარი აქვთ მათემატიკური მოქმედებების სიმბოლოების გამოყენებით, აცხადებენ მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნდა ჟურნალში Science Advances.
როგორც სწავლულები აცხადებენ, მათმა კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, რომ „ადამიანის ტვინი რაღაც განსაკუთრებულია“.

„კვლევის შედეგები დაუპირისპირდა იდეას, რომ რაღაც განსაკუთრებულია ადამიანის ტვინში“, – თქვა ადრიან დაიერმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.

2018 წელს კვლევის წამყვანმა ავტორმა ადრიან დაიერმა და მისმა კოლეგებმა საინტერესო ცდა ჩაატარეს. ისინი მწერებს ორ ბარათს აჩვენებდნენ, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის საგნები იყო გამოსახული. თუ ფუტკრები იმ ბარათთან მიფრინდებოდნენ, რომლებზეც ნაკლები ობიექტი იყო აღბეჭდილი, მათ ტკბილეულით აჯილდოვებდნენ, ხოლო თუ ბევრსაგნიან ბარათთან მიფრინდებოდნენ — მწარე ქინინი ელოდათ. შედეგად – მწერებმა შემთხვევათა 80%-ში ნაკლებობიექტიან ბარათებთან დაიწყეს ფრენა.
ამის შემდეგ მკვლევარებმა ექსპერიმენტის პირობები გაართულეს: ფუტკრები უნდა გაფრენილიყვნენ ან სრულიად ცარიელი ადგილისკენ, ან იქით, სადაც ექვსამდე ობიექტი იყო განთავსებული. როგორც აღმოჩნდა, ფუტკრებმა „გააცნობიერეს“, რომ საგნების არარსებობა ასევე ნიშნავდა „ნაკლებს“.
შედეგმა მკვლევარები გააოცა. საქმე ისაა, რომ ფუტკრის ტვინში მილიონზე ნაკლები ნეირონია, ხოლო ადამიანის ტვინში — დაახლოებით 86 მილიარდი. მიუხედავად ამისა, ისინი ასრულებენ იმგვარ დავალებებს, რომლების შესრულებაც, როგორც ადრე მიიჩნეოდა, მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ.
შემდგომი კვლევით კი გაირკვა, რომ ფუტკრებს მარტივ მათემატიკურ ამოცანებთან გამკლავება შეუძლიათ.
ახალი კვლევისთვის დაიერის გუნდმა 14 ფუტკარი შეარჩია. ისინი Y-ის ფორმის ლაბირინთში შეჰყავდათ, სადაც ყვითელ ან ლურჯ ხუთამდე გეომეტრიულ ფიგურას ხედავდნენ. ლურჯი ნიშნავდა, რომ საჭირო იყო მიმატების ოპერაციის შესრულება (+1), ყვითელი კი გამოკლებაზე (-1) მიანიშნებდა. ლაბირინთის მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე ასევე იყო განთავსებული გეომეტრიული ფიგურები — ერთით მეტი და ერთით ნაკლები. თუ ფუტკარი სწორ პასუხს ირჩევდა, მას ტკბილ წყალს აძლევდნენ, თუ არასწორს — ქინინს.
თავიდან ფუტკრები ვერ ხვდებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა დაახლოებით ასჯერ გამეორების შემდეგ წესები გაიგეს. რამდენიმე საათის შემდეგ მკვლევარებმა ზუსტი შედეგები შემთხვევების 64-72%-ში მიიღეს, რაც აშკარად მიუთითებდა, რომ ეს შემთხვევითი გამოცნობა არ იყო.
დაიერის გუნდი სამომავლოდ გეგმავს გაარკვიოს, შეუძლიათ თუ არა ფუტკრებს უფრო რთული მაგალითების ამოხსნა, მაგალითად, რიცხვისთვის რამდენიმე ერთეულის მიმატება ან გამოკლება.
მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი კვლევები ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებას.
წყარო: Science Advances
ყველა ახალი ამბავი
0