თსუ-ში საპროტესტო აქცია გრძელდება - სტუდენტები რექტორის კაბინეტის დატოვებაზე უარს ამბობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
გაფიცული სტუდენტები განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას მოითხოვენ.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება – სტუდენტთა ნაწილი, რომლებსაც რექტორის კაბინეტი აქვთ დაკავებული, არ აპირებენ მის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
გასულ კვირაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, რომელიც სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას მოითხოვს, მის კაბინეტში შეიჭრა და დაიკავა ის. რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
სტუდენტებს უკვე მეექვსე დღეა რექტორის კაბინეტი აქვთ დაკავებული. ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას მოითხოვენ.

„რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში რექტორი არ მოდიოდა და არც თავად ადმინისტრაცია დგამდა რაღაც ქმედით ნაბიჯებს, ამიტომ ვითხოვთ, რომ განათლების მინისტრი მოვიდეს უნივერსიტეტში და შეგვხვდეს. ეს სივრცე იქნება დაკავებული მანამ, სანამ არ მივიღებთ ქმედით პასუხს და ქმედით ნაბიჯებს“, – განაცხადა სტუდენტმა ილია ჭანტურიამ.

სტუდენტების მეორე ნაწილისთვის პროტესტის მსგავსი ფორმა მიუღებელია, თუმცა განათლების მინისტრთან შეხვედრის იმედი მათაც აქვთ.
„ვემიჯნებით იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც, სამწუხაროდ, უნივერსიტეტში მოხდა, ველოდებით განათლების სამინისტროს პასუხს, თუ როდის შეიძლება გაიმართოს სტუდენტებსა და მინისტრს შორის შეხვედრა. ჩვენი შეხვედრის მიზანია ვისაუბროთ უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელზე“, – განაცხადა სტუდენტმა ალექსანდრე გაბაშვილმა.
უნივერსიტეტის კანცლერის ლაშა საგინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც სტუდენტები რექტორის კაბინეტს დატოვებენ, შეწყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს და მისცემენ რექტორატის თანამშრომლებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალებას, იქნება სტუდენტებთან შეხვედრის ჩატარების მზადყოფნა რექტორისა და ადმინისტრაციის მონაწილეობით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიიჩნია.
მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.
ყველა ახალი ამბავი
0