მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია სამ დღეში დაიწყება

© photo: Sputnikთბილისი ღამით
თბილისი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული ქუჩის ინფრასტრუქტურას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისში პეტრე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 17 ივნისიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია 6,388 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტის დასრულება ოთხ თვეში იგეგმება.
პროექტის თანახმად, მელიქიშვილის გამზირზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი. გზის სავალ ნაწილზე გამოიცვლება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. დამონტაჟდება ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

„მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისის საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების წარმოების პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
დედაქალაქის მერმა დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
ყველა ახალი ამბავი
0