კალაძე: თბილისში შშმ ბავშვებისთვის ხუთი პროგრამა ხორციელდება

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომელთა შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანია შშმ პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხუთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა“ – დღეისათვის ამ პროგრამით 1.550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს;
„შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“, რომლის ფარგლებში წელს 800 ლარის ღირებულების 2.300-მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა. ვაუჩერის ფარგლებში მშობელი თავად ირჩევს საქართველოში დასასვენებელ ადგილს, იქნება ეს მთის თუ ზღვის კურორტი, და მერიის ვაუჩერის ფარგლებში იღებს მომსახურებას;
„სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირთა 800-ლარიანი დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად 1.300-მდე პირი იღებს დახმარებას;
სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში წლის განმავლობაში 900-ლარიანი დახმარება გაიცემა. დახმარებას წელიწადში 623 უსინათლო პირი იღებს;
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადება/პროექტები ფინანსდება.
კალაძის განმარტებით, თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ყველასთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება – ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„შშმ პირები სხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისას პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მომდევნო წლიდან სიახლეები შემოვიტანოთ, ახალი პროგრამები განვახორციელოთ და ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0