ნახევარი მილიონი ევროს სამედიცინო პირბადე: პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმე გახსნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 500 ათასი ევროს ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი ფიზიკური – ავსტრიისა და საქართველოს მოქალაქეების და ერთი იურიდიული პირის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები მათთვის სასურველი საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის მარტში ჩეხურმა კომპანიამ ბრალდებულს 1.120.000 ევრო გადაურიცხა, ხოლო 2020 წლის მაისში მას გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც გადაურიცხეს 180.000 ევრო.

„წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს შეკვეთილი საქონელი არ მიაწოდა, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მოგვიანებით ბრალდებულმა უკანონო შემოსავალი, ფულის გათეთრების მიზნით, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა.
შემდგომში ბრალდებულმა კომპანიის ანგარიშიდან თანხა გაანაღდა და საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მას ეხმარებოდა და მასთან დაკავშირებულ პირებს თანხის ნაწილი გადაუხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 500 ათასი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რეზიდენტი იურიდიული პირის ქმედება სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
საქართველოს პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0