თსუ-ში პროტესტი გრძელდება: სტუდენტებმა განცხადებები გაავრცელეს
© photo: Sputnik / Stringerსტუდენტების პროტესტი. 2022 წლის 2 მაისი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
გუშინ სტუდენტებმა შტურმით აიღეს რექტორის კაბინეტი, შედეგად დაშავდა უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი თსუ-ს რექტორის, გიორგი შერვაშიძის კაბინეტში რჩება და მის გადადგომას მოითხოვს.
თსუ სტუდენტების პროტესტი ორი თვის წინ დაიწყო, როცა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, თბილისში ბინების ქირის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, ონლაინ განათლებაზე გადასვლა მოითხოვეს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების უფლება მიეცათ. თუმცა ახლა სტუდენტები ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარებას ითხოვენ, რასაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება.
გუშინ სტუდენტებმა შტურმით აიღეს რექტორის კაბინეტი, შედეგად დაშავდა უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი. ახლა აქციის მონაწილეები რჩებიან შერვაშიძის კაბინეტში, საიდანაც გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
© photo: Sputnik / Stringerსტუდენტების პროტესტი თსუ-ს ეზოში. 2022 წლის მაისი
სტუდენტების პროტესტი თსუ-ს ეზოში. 2022 წლის მაისი
© photo: Sputnik / Stringer
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნით უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მობილიზებული იყო არაერთი შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟი – რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მათთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა გამოჩენა იყო პროვოკაცია და ჩვენი დაშინების მცდელობა. სიტუაციის გამწვავება გამოიწვია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა რექტორის კაბინეტს“, - განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოფო მალაშხიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სტუდენტების ინტერესში არ შედიოდა დაცვის თანამშრომლების ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება და დაშავებულებს ბოდიში მოუხადა.
ამასთან, რექტორის კაბინეტთან გუშინდელმა შეტაკებამ აქციის მონაწილეებს სტუდენტების ნაწილის მხარდაჭერა დააკარგვინა. თსუ-ს სენატის წევრმა სტუდენტებმა გუშინდელი მოვლენები დაგმეს.
„ჩვენ ვიზიარებდით სტუდენტების რიგ მოთხოვნებს და მზად ვიყავით აქტიურად ჩავრთულიყავით ისეთი მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში, როგორიცაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა და სხვა საჭიროებები. თუმცა გუშინდელი მოვლენების ფონზე გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
პრობლემები და დათმობები
გამოცდების ჩაბარების დროს სტუდენტებისთვის მთავარ პრობლემად კვლავ საცხოვრებელი ადგილი რჩება.
ამიტომ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს და მათ, ვისაც რეგიონულ საგამოცდო ცენტრებამდეც მოხვედრა უჭირთ, ფინალურ გამოცდების პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში უფასოდ ცხოვრების უფლება ექნება.