თსუ-ში პროტესტი გამწვავდა - უნივერსიტეტის თანამშრომლები კლინიკაში გადაიყვანეს

© photo: Sputnikთსუ
თსუ  - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი, წერია ინფორმაციაში.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილეებმა რექტორატი დაიკავეს, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თსუ-ის სტუდენტების ერთი ჯგუფის და მოძრაობის „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქციები გრძელდება. გუშინ უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს. ისინი ტერიტორიის დატოვებას იმ დრომდე არ გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
სტუდენტებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც რამდენიმე თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი.
„აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები.
ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს.
რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების უფლება მიეცათ.
პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ამ დროისათვის თსუ-ში 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს.
წყარო - თსუ-ს ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0