მედიკამენტი უფასოდ: სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული 62 პირი უკვე დარეგისტრირდა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო შპრიცი
სამედიცინო შპრიცი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
პრეპარატ „ევრისდის“ პარტიის შესასყიდად ჯანდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოყო.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარისთვის ძვირადღირებული მედიკამენტი უფასოდ გაიცემა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ.
სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) არის იშვიათი გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზურგის ტვინში ალფა მოტორული ნეირონები ზიანდება. ეს იწვევს პროგრესირებად კუნთთა სისუსტეს, კუნთთა ატროფიას, მოტორული უნარების პროგრესულ კარგვას.
იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტით შევსების წყალობით პაციენტები ამიერიდან პრეპარატ „ევრისდის“ უსასყიდლოდ მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პრეპარატის პარტიის შესასყიდად დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოყო.
ანალოგებისგან განსხვავებით, „ევრისდის“ მიღება სახლშიც შეიძლება. ამისთვის საჭიროა ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლა. აფთიაქებში მედიკამენტის გაცემა პაციენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ფორმა 100-ის წარდგენის საფუძველზე მოხდება.

„სახელმწიფო აფინანსებს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა დაავადების როგორც ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ასევე ზოგი მათგანის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 2022 წლიდან ჩვენ ვაფინანსებთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებს. მედიკამენტის უფასოდ მისაღებად ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 62 პაციენტი“, – განაცხადა ადამიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7.485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.
პრეპარატ „ევრისდის“ მაღალი ფასის გამო საქართველოში პაციენტების უმეტესობისთვის მედიკამენტური მკურნალობა ხელმისაწვდომი არ იყო. ეს არის პატარა მოლეკულა, რომელიც სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ზრდის SMN ცილის რაოდენობას, რომლის ნაკლებობა მნიშვნელოვან ორგანოებს აზიანებს.
მოცემული მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0