საქართველოში ინვესტიციები იზრდება: სტატისტიკა განახლდა

© Pixabay / pasja1000აშშ დოლარის კუპიურები
აშშ დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ლიდერი ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდი, აშშ, ესპანეთი, თურქეთი და ჩინეთი.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარი–მარტთან შედარებით 4,3-ჯერ გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
„საქსტატი“ ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდას ასახელებს.

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდს, აშშ-ს, ესპანეთს, თურქეთსა და ჩინეთს. ინვესტიციები ასევე შემოვიდა მარშალის კუნძულებიდან, მალტიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რომელ დარგებში აბანდებენ
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონება და ტრანსპორტი.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა მშენებლობაში, კავშირგაბმულობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში.
რეინვესტიციები
ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – 318,2 მლნ დოლარი. ანუ იგი ოთხჯერ და მეტად გაიზარდა – 2021 წლის იანვარი-მარტში რეინვესტიციამ 72,6 მლნ დოლარი შეადგინა.
ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგება გადასახადის განაკვეთზე 15%-ს შეადგენს.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0