სააკაშვილის მორიგი ინიციატივა: უნდა შეიქმნას საქართველოსა და აფხაზეთის საერთო სახელმწიფო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის თანახმად, საქართველოსა და აფხაზეთის საერთო ფედერაციის ცენტრი ქუთაისში იქნება, სახელმწიფოში კი ორმაგი მოქალაქეობა იმოქმედებს.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის და საქართველოსა და აფხაზეთს საერთო სახელმწიფოს, საერთო ფედერაციის შექმნას სთავაზობს.
ინფორმაციას ექს-პრეზიდენტი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
რაც შეეხება სამაჩაბლოს, სააკაშვილის თქმით, იქ უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე აფხაზეთთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ჩემი აზრით, [აფხაზებს] უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფო, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა, ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე. ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს“, — დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, საქართველოსა და აფხაზეთის საერთო ფედერაციაში ორი სახელმწიფო ენა უნდა იყოს ქართული და აფხაზური, ხოლო „პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი“.
როგორც სააკაშვილს მიაჩნია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება. ამასთან, ფედერაციის შიგნით უნდა იყოს სრულიად თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმი.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, აფხაზებთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, 6-7 წელიწადში კი ტურისტების რაოდენობა 20 მილიონს მიაღწევს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0