London Wine Fair 2022-ზე ქართული ღვინოები წარადგინეს

© photo: Sputnikღვინის ბოკალი
ღვინის ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანაა.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ლონდონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2022-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანიაა წარმოდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საგამოფენო ცენტრ Olympia London-ში გამართული გამოფენის ფარგლებში, რომელსაც ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
ქართული ღვინის პრეზენტაციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა სარა ებოტმა ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ასევე ვაზის ჯიშების შესახებ მოუთხრო.
„გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რათა საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ინგლისელ მომხმარებელს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ.
გამოფენაზე, რომელიც 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებადაა მიჩნეული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილეს სხვადასხვა სახეობის 3 ათასზე მეტი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა წარმოდგენილი.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის სარა ებოტის კომპანია Swirl Wine Group LTD-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
ყველა ახალი ამბავი
0