უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ: ვაშაძე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

© photo: Sputnikგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
პოლიტელიტაში ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველო მაინც მიიღებს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ გარკვეული პირობებით, განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ.
9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროპარლამენტი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხის სწრაფვა იმსახურებს იმას, რომ მოხდეს მისი რეალიზება და ამიტომაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე „დამსახურებების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“.

„ჩემ მოლოდინს გეტყვით: უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით“, – განახადა გრიგოლ ვაშაძემ.

თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ ახლანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო არანაირ პერსპექტივას არ იმსახურებს, მაშინ ისინი ჩვენ უარს გვეტყვიან, დაამატა დეპუტატმა.
„ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არაფერი ჰკითხოთ, რადგან, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია“, – განაცხადა ვაშაძემ.
„თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“, – ასეთია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია.

„გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს საშიში პოლიტიკური თამაშია“, – განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ ევროპარლამენტის გუშინდელმა რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა.

„ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!“ – დასძინა მან.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება მზად. უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ახლა ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანაა.
ყველა ახალი ამბავი
0