კალაძემ ეროვნული გმირის ოჯახს თხინვალაში მიწის ნაკვეთი გადასცა

© press-service of the Tbilisi City Hall
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თხინვალას დასახლებაში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, მის ოჯახს კი ამავე დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.
სკვერში დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც გაეცნენ.

„დღეს თხინვალაში ვიმყოფებით, სადაც მორიგი კარგი პროექტი განხორციელდა მოსახლეობისთვის. ესეც ჩვენი დაპირება იყო, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მთლიანად იყოს რეაბილიტირებული, მოწესრიგებული. <...> მინდა ასევე ერთ სიახლეზე გითხრათ. მივიღეთ გადაწყვეტილება და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, 461 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა საჩუქრად მუნიციპალიტეტისგან“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ანწუხელიძის სკვერის ტერიტორია, რომლის ფართობი 4.500-მდე კვადრატული მეტრია, მთლიანად გარემონტდა და გამწვანდა. დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები.
რეკრეაციულ სივრცეში ასევე მოეწყო ფიტნეს-ზონა, სავალი და ველობილიკები, გარემონტდა კომბინირებული სპორტული მოედანი და შემოიღობა სკვერი. სკვერში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალიც განთავსდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 740.000 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0