„ერთი კაცის პარტია" - რას უწინასწარმეტყველებენ „ნაციონალურ მოძრაობას"

© photo: Sputnik / Stringer"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი
ნაციონალური მოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ნიკა მელია რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთი ცრუპენტელა, ფორმალური თავმჯდომარეა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თუ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და გააგრძელებს ქვეყნის საბოტაჟს, მაშინ იგი სულ მალე ერთი ადამიანის პარტიად გადაიქცევა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
პოლიტიკოსმა ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებაზე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ გუშინ ორი კვირის ვადა მისცა „საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის დასრულებისთვის“. ამასთან, მელიამ რუსთაველს გამზირზე 20 ივნისს, 20:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა.

„ეს ადამიანები უარს არ ამბობენ დესტრუქციასა და ქვეყნის საბოტაჟზე. ზოგჯერ განცხადებებს რომ არ აკეთებდეს, საქართველოში უკვე არავის ახსოვს, ვინ არის მელია. გააკეთონ მაქსიმუმი და მომხრეები საკუთარ ოფისში შეკრიბონ. სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი აზრით, „ნაცმოძრაობა“ უნდა შეეგუოს რეალობას და გააცნობიეროს, რომ ოპოზიციაში ყოფნაც პასუხისმგებლობაა.
„თუ ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გააცნობიერებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპულ საქართველოში“. გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთივე მომავალი აქვს, მაგრამ იმ ერთი კაცის პარტიაშიც არ იქნება ნიკა მელიასთვის ადგილი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
დეპუტატის თქმით, მელია პარტიის ფორმალური ლიდერია, რომელსაც პერიოდულად აიძულებენ განცხადებების გაკეთებას.
„ნიკა მელიას მოსაცემი ვადა რომ ექნება ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, ეს არის სირცხვილი. მელიამ რა ვადა უნდა დააწესოს? ნიკა მელია განულებულია როგორც პოლიტიკურად, ისე პარტიაში... მას არავინ არაფერს ეკითხება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
როგორც ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიას საკუთარ მოქმედებებში არ ჰყოფნის თანმიმდევრულობა, ხოლო ბრძოლის სტრატეგია სუსტია.
ამასთან, მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ისურვებდა პარტიის უფრო აქტიურ თავმჯდომარეს.
მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკა მელია პარტიის ლიდერის პოსტსა და პარტიას ტოვებდა, რის შემდეგაც პარტიას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგებოდა სათავეში.
მარგველაშვილის დანიშვნაზე ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, მარგველაშვილმა წინადადება პირადად სააკაშვილისგან მიიღო. ეს ინფორმაცია მელიამ მალევე უარყო.
ყველა ახალი ამბავი
0