„არასწორი და უსაფუძვლო": დეპუტატი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" ბანერი
ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
ირაკლი ჩიქოვანის აზრით, იქმნება ხელოვნური ბარიერები, რათა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში პრობლემები შეექმნას.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში ბევრი არასწორი და აბსოლუტურად უსაფუძვლო საკითხია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აგრეთვე ცალკე ნახსენებია მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„ადამიანები, რომლებიც არიან „იმედის“ დარბევის შემოქმედნი – ნიკა გვარამია და პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს წარმოჩენილი არიან, როგორც დემოკრატიის მთავარი დამცველები და თავისუფალი მედიის გულშემატკივრები“, – განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

დეპუტატის თქმით, „რეზოლუციაში, სამწუხაროდ, არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც არასწორი და აბსოლუტურად უსაფუძვლოა“.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მედიათავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე ბევრი საუბრობს.
„ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია მედიათავისუფლების თვალსაზრისით, ბევრისთვის სამაგალითოა. თუმცა ამავდროულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე მედიაში მაღალი პოლარიზაციაა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
2007 წელს, როცა „იმედის“ დარბევა მოხდა, გვარამია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მას სახელმწიფო ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. 103-ტომიანი საქმე 2014 წლის ივლისში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ გაიხსნა.
სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2007 წლის 7 ნოემბერს შსს-მ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბია. მაშინდელი ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. საღამოს სპეცრაზმი ოპოზიციურ ტელეარხ „იმედში" შეიჭრა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ მაუწყებლობა გაითიშა. ამ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, პოლიციელები. იმ ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0