საქართველოში მარტოხელა მშობლის ცნება ფართოვდება

© photo: Sputnik / Stringerქალი ბავშვთან ერთად
ქალი ბავშვთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებენ.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც მარტოხელა მშობლის ცნების გაფართოებას გულისხმობს.
კანონმდებლობის ამჟამად მოქმედი ვერსიით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ცნება 2022 წლის 1 ივლისიდან ძალას კარგავს.
სანაცვლოდ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი ფორმულირება, რომლის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:
რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ცვლილებები შეეხება შეღავათებსაც, რომლებიც მარტოხელა მშობლებისთვისაა გათვალისწინებული. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის შემოსავალი, თუ ის წელიწადში 3 ათას ლარს არ აღემატება. ცვლილებების თანახმად კი, აღნიშნული შეღავათი გავრცელდება მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირებზეც.
ყველა ახალი ამბავი
0