საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

© Sputnik / Levan Avlabreliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა. პარტიის დატოვებასთან ერთად მან პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო და განაცხადა, რომ საქმიანობას მასმედიაში გააგრძელებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ განცხადებით 30 მაისს მიმართა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილის წერილობითი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიიღო დასკვნა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული ​დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" მეორე მანდატს კარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის საარჩევნო სია „ჩახსნილია“, უდუმაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მანამდე ერთი მანდატი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის (2021 წლის 5 ოქტომბერს) შედეგად დაკარგა.
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 145 დეპუტატია, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.
ყველა ახალი ამბავი
0