„უხილავი მკვლელი“: ფეხში კრუნჩხვები შეიძლება მძიმე დაავადების ნიშანი იყოს

© Pexels / cottonbroფეხები
ფეხები - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს შეიძლება „უხილავი მკვლელი“ ვუწოდოთ, რადგან ის ხშირად ისე იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, რომ თავად არანაირად არ ვლინდება, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Express ექიმებზე დაყრდნობით.
სამაგიეროდ სიმპტომები ახასიათებს იმ დაავადებებს, რომლებსაც სისხლძარღვებში ქოლესტერინის — ამ ცვილისებრი ნივთიერების დაგროვება იწვევს. მაგალითად, პერიფერიული არტერიების დაავადება. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქოლესტერინი სისხლძარღვებში ფოლაქებს წარმოქმნის და სისხლი ცუდად მიეწოდება თავს, შინაგან ორგანოებსა და კიდურებს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ქირურგების თქმით, ამ დაავადების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს ფეხებში, დუნდულა კუნთებში, თეძოებში, წვივებსა და ტერფებში. კრუნჩხვები, როგორც წესი, დასვენების შემდეგ ქრება.
გარდა ამისა, პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომებია:
სუსტი ან სრულიად შეუმჩნეველი პულსი ფეხებში ან ტერფებში;
წყლულებისა და ჭრილობების ნელი შეხორცება ფეხის თითებზე, ტერფებზე ან ფეხის სხვა ადგილებზე;
მკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი ფეხებზე;
ერთი ფეხის უფრო დაბალი ტემპერატურა მეორესთან შედარებით;
ფეხის ფრჩხილების ნელი ზრდა და თმის საფარველის შემცირება ფეხებზე;
ერექციული დისფუნქცია, განსაკუთრებით დიაბეტის მქონე მამაკაცებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე ბევრ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები. ამიტომ თუ ფიზიკური აქტივობის დროს რეგულარულად განიცდით ტკივილს ფეხებში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

როგორ შევამციროთ პერიფერიული არტერიების დაავადების რისკი

ექიმების თქმით, ამ დაავადებასთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი გზა დიეტაა. არსებობს არაერთი პროდუქტი, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ეფექტურად ამცირებს.
ბრიტანელი მედიკოსები ასეთ პროდუქტთა შორის ასახელებენ:
ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის, თალგამურას, კაკლისა და სელის ზეთებს;
ავოკადოს, თხილ-კაკალსა და თესლეულს;
მცენარეული ცხიმებით დამზადებულ სპრედებს;
ცხიმიან თევზს.
გარდა ამისა, ქოლესტერინის მაღალ დონეს ასევე ეფექტურად ებრძვის რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციით, აუცილებელია კვირაში სულ მცირე 2,5 საათის ფიზიკური აქტივობა მაინც.
თავიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი მარტივი აქტივობით, როგორიცაა სიარული. ოღონდ ეცადეთ, ისე სწრაფად იაროთ, რომ გული აგიჩქარდეთ. ასევე შეგიძლიათ იცუროთ ან ველოსიპედით იაროთ. შემდეგ კი სხვა სახის ვარჯიშებზეც გადახვიდეთ — ისეთებზე, რომლებიც უფრო მეტად მოგწონთ.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0