სოსო არჩვაძე: საქართველოში მაღალი ინფლაციის მიზეზი იმპორტდამოკიდებულებაშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლა და დანების ლესვა
ვალუტის გაცვლა და დანების ლესვა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფასების ზრდაზე სერიოზულ გავლენას თურქული ინფლაცია ახდენს.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ფასების ზრდა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ინფლაციას უკავშირდება. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.

„პროცესები, რომლებიც ჩვენს სამეზობლოში... მიდის, ჩვენს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. რა მაქვს მხედველობაში: საქართველო ტრადიციულად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმპორტის მოცულობა ექსპორტისას ორჯერ და მეტად აღემატება... ის პროცესები, რაც მსოფლიო ბაზარზე ამა თუ იმ საქონლის ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება, ჩვენ მდგომარეობაზეც აისახება“, – განაცხადა არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფასების ზრდაზე სერიოზულ გავლენას თურქული ინფლაცია ახდენს.
„ჩვენ მეზობელ თურქეთში ინფლაცია 70%-იან ნიშნულს გადასცდა. ჩვენი შიდა ბაზრის მდგომარეობაზე არ შეიძლება ამან გავლენა არ მოახდინოს. თურქეთი 2006 წლიდან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ის პროცესები, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, მეტ-ნაკლებად, ტალღისებური ეფექტის სახით ჩვენს რეალობაზე აისახება“, – განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, საქართველო ღრმად ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში. ქვეყანას კავშირები 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს, უპირატესობების გარდა, ნეგატიური მხარეც გააჩნია.
მისი ინფორმაციით, მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასმა, რომლის ტრადიციული იმპორტიორია საქართველო, მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 67%-ით მოიმატა. მარცვლეულის ფასი კი, თუ ჩიკაგოს ბაზრის ფასს ავიღებთ, დაახლოებით 60,5%-ით გაიზარდა. საქართველო ასევე ამ პროდუქციის ტრადიციული იმპორტიორია. ამიტომ როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, საქართველოსაც ორმაგი ფასის გადახდა უწევს.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გარე, ეგზოგენური დატვირთვისაა“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მოპოვებული ნავთობი ქვეყანას გაზრდილი მოთხოვნის გამო მხოლოდ რამდენიმე დღეს ეყოფა. იგივე სიტუაციაა ხორბალთან დაკავშირებით. საქართველოში წარმოებული მარცვლეული ქვეყნის მხოლოდ 1,5 თვის სამყოფია.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თვითუზრუნველყოფის დონე უახლოეს წლებში ჯერ 40%-მდე, შემდეგ 50%-მდე გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილზე წარმოებული მარცვლეულის მოხმარება 1 იანვარს რომ დავიწყოთ, 25 მაისამდე გვეყოფა. ნახევარს თუ ვაწარმოებთ, 1 ივლისამდე. წლის მეორე ნახევარი ისევ იმპორტზე დამოკიდებულები ვიქნებით“, – აღნიშნა არჩვაძემ.
როგორც ექსპერტი ამბობს, ყველასთვის ცხადია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია ჯერ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა.

„არის გაურკვევლობის რისკი, არასტაბილურობა. ეს ყველაფერი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე გავლენას ახდენს. ბევრი ქვეყანა, რომელიც აღნიშნული პროდუქტების ექსპორტიორია, აქედან გარკვეული სარგებლის მიღებას შეეცადა. ზოგმა საბაჟო ტარიფების, მოსაკრებლების სახით დამატებითი შეზღუდვები დააწესა, რამაც მსოფლიო ბაზარზე სარეალიზაციო ფასები კიდევ უფრო გაზარდა“, – განაცხადა მან.

ეკონომისტს მიაჩნია, რომ საქართველო ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას საკუთარი პროდუქციით 100%-ით ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შიდა რესურსები უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალური იმპორტჩანაცვლებისთვის. ამისათვის აუცილებელია გარკვეული სახის პროდუქციის წარმოების მაქსიმალურად გაზრდა.
„ჩვენი ადგილობრივი, შიდა რესურსების გამოყენებით ცალკეული სახის პროდუქციის წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ. სადაც შესაძლებელია, მაქსიმალური ჩანაცვლება უნდა მოვახდინოთ. აბსოლუტური ჩანაცვლება გამორიცხულია“, – განაცხადა არჩვაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.
წყარო -- მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბი
ყველა ახალი ამბავი
0