საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგზის მშენებლობა. რიკოთის უღელტეხილი
გზის მშენებლობა. რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
შეზღუდვის მიზეზი ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟია.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე 10-11 ივნისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
ეს შეზღუდვა 02:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამშენებლო სამუშაოების გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე (ხევი–უბისას მონაკვეთი) შეიზღუდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალი, რომელიც ახორციელებს რიკოთის უღელტეხილზე ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას, იმ დროს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბულ კოჭებს დაამონტაჟებს.
ანალოგიური სამუშაო ამავე მონაკვეთზე მიმდინარე წლის აპრილშიც განხორციელდა.
ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
წყარო - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0