ამბავი სარგის ჯაყელის გაორგულებისა: როგორ ჩამოშორდა საქართველოს სამცხე

© photo: Sputnik / Besik Pipiaსამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
ქართველ მეფე გმირებზე რაიმე ახლისა თუ უცნობის მოძიება რთულია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას, მეფეთა გარდა, ბევრი ისეთი მამულიშვილი ჰყოლია, რომელთა გარჯა ქვეყნისა და ერისათვის ჯერ კიდევ გამოსაკვლევია და სააშკარაოზე გამოსატანი. ამ ადამიანთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, ამიტომ რიგით მივყვები და საქართველოს სამხრეთ კარიბჭის მცველებით, სამცხის მთავრებით დავიწყებ.
ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებლად ჯაყის წყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხის მფლობელი ბეშქენი მიიჩნევა, ჩორჩანელთა გვარიდან (IX-X საუკუნეები).
XII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის ერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი ტახტის მაძიებელ გიორგი რუსს მიემხრო, რისთვისაც თამარ მეფემ სამცხის ერისთავ-სპასალარობაც ჩამოართვა, ჯაყის ციხეც და ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს გადასცა. ასე წარმოიქმნა ჯაყელების ახალი, ანუ ციხისჯვარელ-ჯაყელების ფეოდალური საგვარეულო.
დავით ულუს პერიოდში მოღვაწე სარგის I ჯაყელი გახლდათ ის პიროვნება, ვინც დიდად შეცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური რუკა.
1260 წელს ჰულაგუ ყაენმა მეფე დავით VII (ულუ) ეგვიპტეში სალაშქროდ გაიწვია, მაგრამ უარი მიიღო. მონღოლი მმართველები ასეთ შემთხვევებში ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებდნენ და მოღალატედ მიჩნეულ პირებს, თავის ნათესავ-მოკავშირეებიანად, პირწმინდად წყვეტდნენ ხოლმე. სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ არღუნ აღას მეთაურობით საქართველოში შემოსულ 20.000 მონღოლსა და ყაენის კარს შეხიზნულ ქართველ მედროვეებს. დავით ულუმ მათ დასახვედრად 8 ათასი კაცი შეკრიბა და სარგის ჯაყელი უსარდლა:

„კაცი მხნე და შემმართებელი და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვანქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ხელოვნად მბრძოლი ცხენთა ზედა, მხნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსვრელი“.

არღუნი სურამში გაჩერდა, ხოლო მისი 6 ათასიანი მეწინავე ლაშქარი ტაშისკართან დაბანაკდა. სარგის ჯაყელმა მათთან საბრძოლველად 1.500 ქართველი მეომარი გაგზავნა.
დეკემბრის ყინვიან დღეს ქართველი მეწინავენი მოულოდნელად მტრის წინაშე აღმოჩნდნენ. მესხები არ შედრკნენ და ოთხჯერ მრავალრიცხოვან მტერს შეუტიეს. მონღოლებმა ვერ გაუძლეს ქართველთა იერიშს და თავს გაქცევით უშველეს. არღუნმა, გაიგო რა მესხთა იერიშის ამბავი, აყრა და უკან დახევა გადაწყვიტა.
არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა მონღოლებს მიმხრობილი ქართველი დიდებული კახა თორელი, რომელმაც უწყოდა ქართველთა ჯარის სიმცირის შესახებ და არღუნი დაარწმუნა, ბრძოლა განეგრძო. მტრის სიმრავლემ და გამყიდველთა მცდელობამ თავისი ქნა — დამარცხებულმა დავით ულუმ გადარჩენილი ჯარით სამცხეს შეაფარა თავი.
თუმცა დიდხანს იქაც არ გაჩერებულა, სარგის ჯაყელის თხოვნით იმერეთში გადავიდა თავის ბიძაშვილ დავით ნარინთან. ხოლო სამცხეში დარჩენილმა სარგის ჯაყელმა წინააღმდეგობა განაგრძო და არღუნის ჯარი მცირე ბრძოლებით ისე დაასუსტა, რომ მონღოლი ნოინი იძულებული გახდა ქვეყნიდან აბარგებულიყო.
ამასობაში იმერეთს შეხიზნული დავით ულუ მორიგ ინტრიგაში გაეხვა. რაჭის ერისთავმა კახაბერ კახაბერისძემ მისი ტახტზე აყვანა განიზრახა დავით ნარინის ნაცვლად, მაგრამ ამ განზრახვიდან არაფერი გამოვიდა და დავით მეშვიდემ ისევ მონღოლებთან შერიგება სცადა.
ჭკვიანი კაცი იყო ჰულაგუ ყაენი. მეფეს შემოუთვალა, შენ არას გერჩი, მაგრამ შენი სპასალარი სარგის ჯაყელი კი უნდა დავსაჯოო.
ყაენის კარზე წასასვლელად გამზადებული მეფე სამცხის მთავარს ურჩევდა, შინ დარჩი, იქნებ გადარჩეო, მაგრამ იუარა ამაყმა ჯაყელმა:

„ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰხდების გვარი ჩემი. არამედ თუ მომკლან, ნაცვლად თქვენდა ვიყო და თუ დავრჩე, თქვენ თანა დავრჩე“.

1264 წელს მეფე და ერისთავი ბარდავში ჰულაგუ ყაენის წინაშე წარდგნენ. ილხანთა მბრძანებელმა მეფეს განდგომის მიზეზი ჰკითხა. ჟამთააღმწერლის ცნობით, დავით VII-მ პასუხის გაცემა ვერ მოახერხა და უკან მდგომ სარგისს გახედა თურმე:
„ჯაყელი არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარსდგა ყაენის წინაშე განმწირველი თავისა თვისისა მეფისათვის, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ და მუხლმოყრილი ეტყოდა: მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას“.
სამცხის ერისთავის თავგანწირვა, ალბათ, ვერაფერს უშველიდა ვერც თავად მას და ვერც დავით მეფეს, რომ არა ოქროს ურდოდან ბერქა ყაენის შემოსევის ამბავი, რომელიც ყაენს იმ წუთებში აცნობეს. ჰულაგუმაც დროებით გადადო ქართველთა დასჯა — მამაცი მებრძოლები სჭირდებოდა ომში.
დავითის თხოვნით ქართველთა რაზმს მეწინავეობა დაეკისრა. 1262 წლის 14 ნოემბერს დიდი ბრძოლა გაიმართა შაბურანის ველზე, შირვანში. მედგრად იბრძოდნენ ქართველები თავიანთი მეფის სარდლობით. განსაკუთრებით სარგის ჯაყელმა გამოიჩინა თავი და ფრიად გააოცა ყაენი ვაჟკაცობით.
რაღაც მომენტში ოთხი ჯარისკაცის ამარა დარჩენილი ჰულაგუ ერთ ბორცვზე ასულა, სადაც მტრის შვიდ რჩეულ მეომარს გადაჰყრია. ყიჟინით დაძრულა შვიდეული ჰულაგუსკენ და ვინ იცის, გადაურჩებოდა თუ არა ილხანთა მბრძანებელი ურდოელ მეომრებს, მოშორებით მყოფ სარგის ჯაყელს რომ არ შეენიშნა მომხდარი. თანმხლებ სამ მებრძოლთან ერთად გადადგომია წინ ყაენის მოსაკლავად გაქანებულებს, ოთხი მათგანი აუკუწავთ, სამი კი გაქცეულა.
გამარჯვებით დასრულდა შეტაკება. ჰულაგუ ყაენმა დიდი პატივი სცა დასასჯელად ნახმობ დავით ულუსა და მის მეომრებს, უხვად დაასაჩუქრა ისინი, ხოლო სარგის ჯაყელს კარნუ-ქალაქი (არზრუმი) და მისი მიმდგომი ტერიტორია უბოძა.
მაგრამ შურის ჭია შეუჩნდათ დიდებულებს. იმდენი ქნეს, მეფე დავითიც აიყოლიეს და ამ უკანასკნელის თხოვნით ჩუქება გააუქმა ყაენმა. ხოლო მეფესა და მის ერთგულ ერისთავს შორის შავმა კატამ გაირბინა.
გამოხდა ხანი. ამასობაში მონღოლებმა შირვანში სიბა, ანუ სიმაგრეების სისტემა ააგეს ოქროს ურდოს შესაკავებლად. მეფე დავითს ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე უწევდა სიბაზე დგომა თავისი ლაშქრით. და როდესაც კვლავ მოვიდა ქართველთა მორიგეობის ჯერი, მოლაშქრეები იხმო მეფემ. სარგის ჯაყელიც მყის გამოცხადდა ტფილისს, სადაც უკეთურ დიდებულთაგან წაქეზებულმა მეფემ, დაივიწყა რა სამცხის ბატონის დამსახურება, მოულოდნელად დააპატიმრა იგი.
სარგისის მხლებელმა აზნაურებმა მყის შიკრიკი აფრინეს ჰულაგუ ყაენთან და მისი გადამრჩენელის დატუსაღება აცნობეს. ილხანთა მბრძანებელმა დიდი მადლიერება გამოიჩინა ჯაყელის მიმართ, ელჩი წარმოგზავნა ტფილისს, დავით მეფეს ციხიდან გაათავისუფლებინა სარგის I.
მისი თხოვნით ამიერიდან სამცხე ხასინჯუდ გამოცხადდა, ანუ ჯაყელები ჰულაგუიდების პირდაპირი ვასალები გახდნენ, აღარ ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეს. ეს უკვე ქვეყნის ღალატად შეფასდა. არადა, დავით ულუს მერყევი ხასიათის ბრალი იყო, რომ ქვეყნის ერთგული ყმა სახელმწიფო ინტერესების გზას ასცდა და ისედაც ორად გაყოფილ ქვეყანას მესამე წილიც ჩამოაშორა.
სამცხის პირველი ათაბაგი სარგის I ხნოვანებაში საბას სახელით მონაზვნად აღიკვეცა და დარჩენილი სიცოცხლე ცოდვების მონანიებასა და ქველ საქმეთა კეთებაში გალია. საფარის წმიდა საბას ტაძრის კედელზე დღემდეა შემორჩენილი ფრესკული გამოსახულება გრძელწვერიანი, შავით მოსილი მოხუცი სასულიერო პირისა, რომელსაც ახლავს წარწერა „საბა ათაბაგი“.
ყველა ახალი ამბავი
0