ხეტყის უკანონო ჭრა - საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

ცული - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ერთ თვეში სახერხი საამქროების გამოყენების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1–31 მაისის პერიოდში ხეტის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 139 შემთხვევა გამოავლინეს, აქედან 9 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.
ყველაზე მეტი შემთხვევა – 31 კახეთში დაფიქსირდა. დანარჩენ რეგიონებში ამგვარი ვითარებაა:
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 29
იმერეთი – 28
სამცხე-ჯავახეთი – 15
აჭარა – 12
ქვემო ქართლი – 10
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5
შიდა ქართლი – 4
მცხეთა-მთიანეთი – 4
გურია – 1
შემოწმების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 204 კუბური მეტრი ხის მასალა.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.
ბრძოლა ხეტყის ჭრასთან
საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ უკომპრომისო ბრძოლას იწყებს ტყის უკანონო ჭრასთან.
პრობლემის მოსაგვარებლად სატყეო სააგენტო ხეტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. კერძოდ, სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში. ასეთი 26 „საქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და შიდა ქართლში.
ეტაპობრივად გაუქმდება ე.წ. სოციალური ჭრები – როდესაც მოსახლეობას შეეძლო ხეების მოჭრაზე ლიცენზიის მიღება.
საქართველოში კომპანიები ტყის რესურსებს ნებართვის გარეშე ვეღარ გამოიყენებენ>>
„საქმიანი ეზოები“, რომელთა საერთო რაოდენობა მომავალში 91-ს მიაღწევს, სატყეო რეფორმის ფარგლებში მოეწყო და იგი ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ინტენსიურად ხორციელდება. „საქმიანი ეზოები“ ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ხელს უწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით – თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0