„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით“: ვილი სანიოლი ბულგარეთთან გამარჯვებაზე

© photo: Sputnik / Stringerვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ფეხბურთელებმა გამოაჩინეს გამარჯვებულის მენტალიტეტი, როდესაც მეტოქის ნახევარზე ბურთისთვის იბრძოდნენ და ხშირად მის დაბრუნებასაც ახერხებდნენ, მიიჩნევს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბედნიერებაა, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთში მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ერთა ლიგის მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

„თამაშიდან თამაშამდე გუნდში დინამიკა იგრძნობა და ეს ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ ახლა უკვე მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც ისევე პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ, როგორც ბულგარეთთან შეხვედრას“, – განაცხადა სანიოლმა.

მისი თქმით, ფეხბურთელებს გამარჯვებულის განწყობა ჰქონდათ, როდესაც იბრძოდნენ მეტოქის ნახევარზე და ხშირად ახერხებდნენ ბურთის დაბრუნებას.
„სანამ ამ მენტალობას, ფსიქოლოგიურ ფაქტორს შეინარჩუნებენ, დარწმუნებული ვარ, მსგავს კარგ თამაშებს კიდევ ვაჩვენებთ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
მან აღნიშნა, რომ შემდეგი მატჩისთვის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში გაემგზავრება.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახლა კარგად დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და სასურველ შედეგს სკოპიეშიც მივაღწიოთ“, – აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.
ერთა ლიგის C4 ჯგუფის პარალელურ მატჩში გიბრალტარმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 0:2 წააგო.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერობს 6 ქულით. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია ოთხი ქულით. შემდეგ მოდის ბულგარეთი 1 ქულით და გიბრალტარი, რომელსაც ჯერ ქულა არ აუღია.
ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ასევე სტუმრად გამართავს. თამაში 9 ივნისს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0