საქართველოში თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას გლოვობენ
16:53 05.06.2022 (განახლებულია: 16:54 05.06.2022)
© photo: Sputnikთემურ ჩხეიძე
© photo: Sputnik
გამოწერა
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თემურ ჩხეიძემ სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი დადგა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველი პირები ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის და თბილისის საპატიო მოქალაქის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
ცნობილი რეჟისორის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. სამძიმრის წერილი გაავრცელა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისმაც.
პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში გამოჩენილი რეჟისორის ჰუმანიზმზე საუბრობს.
„ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
გამოჩენილი ხელოვანის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ბატონი თემურის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული კულტურისთვის, თუმცა, მის მიერ შექმნილი გენიალური მემკვიდრეობა სიცოცხლეს გააგრძელებს და მომავალშიც კიდევ ბევრის შთაგონების წყარო იქნება. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის წერილში.
საკულტო რეჟისორის გარდაცვალებას ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ყველას იმედი ჰქონდა, რომ თემურ ჩხეიძის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. წულუკიანის თქმით, საქართველომ „დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა“.
„ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას“, - ნათქვამია მინისტრის სამძიმარში.
ამასთან, რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გენიალური ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წლის 19 თებერვალს თემურ ჩხეიძე წავიდა თანამდებობიდან და თბილისში დაბრუნდა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი). არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი. მათ შორისაა ილიას მედალი, რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტი საპატიო ნიშნის ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ და სხვა. ამასთან მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული.