საქართველოში ფასები კვლავ მაღალი ტემპებით იზრდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
საქართველოში ინფლაციის ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „იმპორტირებული ინფლაცია“, ანუ ინფლაციის ზრდა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისის პერიოდში 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (20%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,6%) და ჯანდაცვაზე (2%). წლის განმავლობაში სურსათზე ფასების ზრდამ მაისში 22% შეადგინა.
2022 წლის მაისში, ამავე წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა. მარტში ერთი თვის ინფლაციის მაჩვენებელი 1,8% იყო.

რა გავლენას ახდენს ფასების დინამიკაზე საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი მონაცემებით, 2022 წლის მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 157,4 პუნქტი იყო, რაც 0,9 პუნქტით (0,6%) ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29,2 პუნქტით (22,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„ამ კუთხით შეიმჩნევა სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა აშშ დოლარში და ბოლო დროს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კიდევ უფრო სწრაფი მატება, რასაც თან ახლავს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებზე ხარჯების ზრდის მაღალი ტემპები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნულ ბანკს ეთანხმება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძეც.
მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის ზრდაში დიდ როლს თამაშობს „იმპორტირებული ინფლაცია“. ანუ, ინფლაციის ზრდა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უარყოფითად აისახება იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაზე და, როგორც წესი, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ფასებზე.
იმპორტირებული ინფლაციის შემცირება, მისი თქმით, შესაძლებელია მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებით. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა.

როდის შემცირდება ინფლაცია საქართველოში

საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
ექსპერტი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე ან 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში ინფლაცია შესაძლოა 9%-მდე შემცირდეს.
მისი აზრით, სურსათის ღირებულება იკლებს ზაფხულში, როდესაც ადგილობრივი მოსავალი მწიფდება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ფასებზე. თუმცა, პროგნოზი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე, თუ რამდენად ინტენსიური იქნება რუსეთ-უკრაინის კრიზისი.
ყველა ახალი ამბავი
0