საქართველოში უნივერსიტეტი ჰოსპიტლის შეძენისთვის დაჯარიმდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სულ ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის (შერწყმის) შესახებ შეუტყობინებლობის გამო ევროპის უნივერსიტეტი დააჯარიმა.
სააგენტოს განცხადებით, საკითხი ეხება მიმდინარე წლის აპრილში ევროპის უნივერსიტეტის მიერ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ შეძენას.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კლინიკასთან გაერთიანებისას უნივერსიტეტი ვალდებული იყო სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით ეცნობებინა.
ევროპის უნივერსიტეტს 15 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი სახით.
კონკურენციის სააგენტო „ანაგის“ მიერ GTC Trading-ის წილის შეძენით დაინტერესდა>>>
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ თანხის 5%-ით ჯარიმდებიან.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სულ ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ერთი საკითხი ეხებოდა სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი – სამშენებლო სექტორს.
ყველა ახალი ამბავი
0